ბაროზო - ევროკავშირსა და უკრაინას შორის უვიზო რეჟიმი ახლო მომავლის საკითხია

ევროპული კომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო მიიჩნევს, რომ ევროკავშირსა და უკრაინას შორის უვიზო რეჟიმი ახლო მომავლის საკითხია.

"უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ ბაროზომ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მინდა ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ხაზგასმით ვუთხრა, რომ ჩვენს შორის ურთიერთობას სტრატეგიული კუთხით განვიხილავთ. მინდა, რომ უკრაინა ევროკავშირს დაუახლოვდეს, თუკი უკრაინელი ხალხის ნება არსებობს. როგორც პრეზიდენტმა პოროშენკომ განაცხადა, ეს ეხება, უპირველს ყოვლისა, სავიზო რეჟიმს, უახლოეს მომავალში უვიზო სისტემის არსებობას. უვიზო რეჟიმი უნდა იქცეს მამოძრავებელ ძალად და ევროპელებისა და უკრაინელების გამაერთიანებლად" - აღნიშნა ბაროზომ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ პაველ კლიმკინის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ერთი წლის შემდეგ ვარაუდობს.