უკრაინამ, რუსეთმა და ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით კომპრომისს მიაღწიეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ პაველ კლიმკინის განცხადებით, უკვე მოიძებნა გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებს უკრაინა თავისუფალი ვაჭრობის ზონა ევროკავშირსა და დსთ-ს შეუთავსოს.

"უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ კლიმკინმა ჟურნალისტებს ბრიუსელში ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამართული სამმხრივი კონსულტაციის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი მზადაა გააგრძელოს ავტონომიური პრეფერენციები და ღია დატოვოს ბაზარი უკრაინული საქონლისთვის 2015 წლამდე. მინისტრის ინფორმაციით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოხდება ცვლილებების შეტანის გარეშე.

"ამგვარად, რუსულ მხარეს არ გააჩნია საფუძველი, შემზღუდველი ზომები გამოიყენოს უკრაინის ექსპორტთან მიმართებაში შეთანხმების გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავაგრძელებთ სამმხრივ მოქმედებას სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით", - განაცხადა კლიმკინმა.

რუსეთი უკრაინისგან მოითხოვდა, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში ცვლილება შეეტანა იმ მიზეზის გამო, რომ შეთანხმებაში არსებული პირობები რუსეთისთვის რისკებს შეიცავდა. რუსეთს სურდა, კიევსა და ბრიუსელს თავისუფალი ვაჭრობის ზონიდან 20 %-ზე მეტი საქონელი ამოეღო. 11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა უარი თქვა თავის მოთხოვნაზე ასოცირების შეთანხმებაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით.