პუტინი, შესაძლოა,  საპასუხო სანქციების შემოღებას დათანხმდეს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, საპასუხო სანქციების შემოღებას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუკი ეს რუს მწარმოებლებს სიკეთეს მოუტანს.

ამის შესახებ "იტარ-ტასი" იუწყება.

"თუკი მთავრობა მივა იმ დასკვნამდე, რომ ასეთი ნაბიჯები შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ინტერესებს, ჩვენ ამას გავაკეთებთ. იმ შემთხვევაში კი, თუ იმის ჩვენება გვინდა, რა მაგრები ვართ და მერე ზარალი მივიღოთ, ასე არ გავაკეთებთ. მთავრობა ახლა ამასთან დაკავშირებით მსჯელობს", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის სანქციების სიის გაფართოებაც და მასში ახალი მაღალჩინოსნების ჩართვა, რუსეთს დიდ ზიანს არ მოუტანს. "ჩვენი თანამდებობის პირები და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები რაც უფრო ნაკლებად ივლიან საზღვარგარეთ, მით უკეთესი. იგივე ეხება სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებსაც, რომლებიც უფრო ხშირად უნდა ეკონტაქტონ თავის ამომრჩევლებს და მუცელს არ ითბობდნენ სადღაც, უცხოეთის კურორტებზე", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება ახალ სანქციებს, რუსეთის პირველი პირი მიიჩნევს, რომ ისინი "უცნაურად" გამოიყურება, რადგან, მისი თქმით, ეს ხელს უშლის სამშვიდობო პროცესს უკრაინაში.