გიორგი კვირიკაშვილი სინძიანის ავტონომიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის სინძიან-იუღურეთის ავტონომიური რაიონის მთავრობის თავმჯდომარეს, ნურ ბექრის შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა.

შეხვედრა ავტონომიის მთავრობის მეთაურის ოფიციალურ რეზიდენციაში შედგა და მას ადგილობრივი მთავრობის წევრები და რეგიონის დედაქალაქის, ურუმჩის მერი ესწრებოდნენ. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები ბიზნესის მიმართულებით.

ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა გლობალურ ეკონომიკურ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც საქართველოში იგეგმება და რომლითაც შესაძლოა, დაინტერესდნენ პოტენციური ინვესტორები სინძიან-იუღურეთის რეგიონიდან.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ჩინეთის მთავრობის ინიციატივაზე დიდი აბრეშუმის გზის აღორძინების თაობაზე და აღნიშნეს მისი დიდი მნიშვნელობა რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.