ჯაბა სამუშია: თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული იქნება

თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული იქნება.

ამის შესახებ თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ჯაბა სამუშიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უფრო მეტად გაიზრდება სოციალური პოლიტიკის დაფინანსება და ის სოციალური პაკეტი, რაც ამჟამად მოქმედებს.

საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელმა დეტალურად ისაუბრა ბაგა-ბაღების მშენებლობებზე. მისი თქმით, დედაქალაქში დაწყებულია სამი ბაღის მშენებლობა. მოსკოვის გამზირზე ყოფილი #28 ბაღის ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის სასწავლებლის ასაშენებლად ყველა პროცედურა დამთავრებულია და სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. მისივე განცხადებით, მანჯგალაძის ქუჩაზე, ყოფილი რკინიგზის ბაღის ტერიტორიაზე კი სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერია გამოცხადებული. რაც შეეხება მე-8 ლეგიონის ყოფილ 37-ე ბაღს, მასზე ტენდერი დოკუმენტაციის მომზადებისთანავე გამოცხადდება.

ჯაბა სამუშიამ ასევე აღნიშნა, რომ ხუთი ბაგა-ბაღის პროექტი შესათანხმებლად ექსპერტიზაზე და კეთილმოწყობის სამსახურშია გადაგზავნილი.

მისივე თქმით, საკრებულო და დედაქალაქის მთავრობა ორ მნიშვნელოვან პროექტს იწყებენ, რაც მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერასა და სოციალურ დახმარებას ითვალისწინებს. რაც შეეხება სხვა პროექტებს, სამუშიას თქმით, მათი განხორციელება მომავალი წლიდან გახდება შესაძლებელი.