დევიდ ლიდინგტონი: სანქციები ანადგურებს რუსეთის ეკონომიკას

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციები მოქმედებს და ანადგურებს რუსეთის ეკონომიკას, ამ სანქციების გაუქმება კი მხოლოდ კრემლზეა დამოკიდებული.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ევროპის საკითხთა მინისტრი დევიდ ლიდინგტონი ავსტრიულ გამოცემა "Der Standard"-ში წერს. მისი თქმით, ვერც ევროკავშირი და ვერც აშშ ვერ ისხდებოდნენ გულხელდაკრეფილები, როდესაც ათასობით რუსი სამხედრო აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძვის. ბრიტანელი მინისტრის განცხადებით, სანქციები მართლაც მოქმედებს; რუსეთის ეკონომიკის ზრდა ამ წელს ნულის ტოლია, იზრდება ინფლაციაც.

"ივლისში რუსულმა კომპანიებმა ვერ მიიღეს ვერც ერთი დოლარი, ევრო და შვეიცარიული ფრანკიც კი", - წერს მინისტრი. მისი თქმით, რუსული რუბლის კურსი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა ამერიკულ დოლართან მიმართებაში, ხოლო კაპიტალის გადინებამ 80 მილიარდი დოლარი შეადგინა. ლიდინგტონის განცხადებით, რუსეთის მიერ ექსპორტის აკრძალვამ ქვეყანაში ფასების ზრდა გამოიწვია - ზოგიერთ პროდუქტზე 30-60%-მდეც კი. ბრიტანელი მინისტრის განცხადებით, რუსეთში იმპორტის შავი ბაზრები გაჩნდა და ეკონომიკურ პრობლემებს თითოეული რუსული ოჯახი განიცდის.

ლიდინგტონი აცხადებს, რომ სანქციების მოქმედების შეჩერება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არა დასავლეთმა, არამედ პრეზიდენტმა პუტინმა, რადგან მის ქმედებებზეა დამოკიდებული, გააგრძელებს, თუ არა ევროკავშირი და ამერიკა დაკისრებულ სანქციებს უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო.