სტიქიების შედეგების სწრაფი ლიკვიდაციის მექანიზმებს შეიმუშავებენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტიქიების შედეგების სწრაფი ლიკვიდაციის მექანიზმებს შეიმუშავებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამის თაობაზე განცხადება სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გაკეთდა, რომლის ფარგლებშიც, მინისტრი დავით შავლიაშვილი და სამინისტროს ხელმძღვანელები სახელმწიფო რწმუნებულებს-გუბერნატორებს შეხვდნენ. შეხვედრაზე იმ საკითხების შესახებ იმსჯელეს, რომლებიც მხარეების ხელმძღვანელებს ადგილებზე არსებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. კერძოდ, განიხილეს მყარი ნარჩენების მართვის კუთხით რეგიონებში არსებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის სანაპიროსა და ზოგადად, ტურისტული რეგიონების დასუფთავებისთვის საჭირო ტექნიკისა და აღჭურვილობის რაოდენობაზე, მის შევსებასა და განახლებაზე. გუბერნატორების განცხადებით, წელს საკურორტო ზონებში დამსვენებლების რიცხვი 200%-ით იყო გაზრდილი, რასაც ადგილებზე ნარჩენების გასატანად საჭირო ტექნიკისა და მუშახელის სრული მობილიზაცია დასჭირდა. ამის გათვლისწინებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით, უკვე დაიწყება შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა მომავალი, 2015 წლის საკურორტო სეზონს რეგიონები წლევანდელზე გაცილებით უკეთ მომზადებულები შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტებისთვის საჭირო ადმინისტრაციული შენობების მოწესრიგებას, აღჭურვასა და მოწყობას.