სერგეი რიაბკოვი: რუსეთის წინააღმდეგ კანადის სანქციები პასუხის გარეშე არ დარჩება

რუსეთის წინააღმდეგ კანადის დაწესებული ახალი სანქციები შესწავლილი იქნება და პასუხის გარეშე არ დარჩება, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა.

მისივე თქმით, რუსეთი შეშფოთებულია იმით, რომ კანადის ხელისუფლება რუსეთზე ასეთ დემონსტრაციულ და აღმაშფოთებელ ზეწოლას ეწევა. სერგეი რიაბკოვის განცხადებით, კანადის პრემიერ-მინისტრმა, სტივენ ჰარპერმა რუსეთისთვის ახალი სანქციები კანადაში უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ვიზიტს დაუკავშირა.

"ცუდია, რომ სანქციები სწორედ ის ფონია, რომლის შექმნასაც ჰარპერის რეჟიმი ოტავაში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით ცდილობს. ჩვენ ამ ყველაფერს ვამჩნევთ და დასკვნებს ვაკეთებთ", - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

უკრაინაში განხორციელებული ქმედებების საპასუხოდ კანადამ რუსეთს დღეს ახალი სანქციები დაუწესა. კანადის მიერ რუსეთის დაწესებული ახალი სანქციები რუსი მაღალჩინოსნებისა და კომპანიებისთვის ფინანსური ანგარიშების გაყინვასა და სავიზო აკრძალვებს ითვალისწინებს. კანადის სანქციების ახალ სიაში მოხვდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოთხი მაღალჩინოსანი, ასევე "სბერბანკი" და ხუთი საწარმო.