71 სახელმწიფო საწარმოდან მხოლოდ 15-ია მოქმედი

”მსგავსი საწარმოების არსებობა აფერხებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას”

”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) და ”გადასახადების გადამხდელთა კავშირის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ასობით სახელმწიფო საწარმო არსებობს, რომელთა მუშაობაც ამ ეტაპზე არაეფექტიანია და საფრთხეს უქმნიან ქართული ეკონომიკის განვითარებას. კვლევის მიზანსა და კონკრეტულ შედეგებზე bpn.ge “გადასახადების გადამხდელთა კავშირის ხელმძღვანელს, გიგლა მიქაუტაძეს ესაუბა.

”ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ სახელმწიფო აპარატზე, მის ეფექტიანობაზე, პრემიებზე, და ა.შ. მაგრამ ჩრდილში რჩებიან კომპანიები, რომლებიც თავად სახელმწიფომ დააფუძნა და მათი საქმიანობის შესახებ საზოგადოებამ ძალიან ცოტა იცის. სამწუხაროდ, ამას ჩვენი კანონმდებლობაც უწყობს ხელს, იმიტომ რომ, ამ საწარმოების მუშაობა არის დახურული, რადგან ისინი წარმოადგენენ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და მათ ერთგვარი ”კომერციული საიდუმლოება” აქვთ, რომლის არგასაჯაროება, კანონიერია”,-აღნიშნავს გიგლა მიქაუტაძე.

მისივე თქმით, კვლევის ფოკუსირება სოფლის მეურნეობის დარგზე მოხდა. კვლევის ორგანიზატორები დაინტერესდნენ, სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი რა კომპანიები მუშაობენ სოფლის მეურნეობის დარგში და როგორ მუშაობენ ისინი.

კვლევის შედეგების მიხედვით, დღესდღეობით საქართველოში სოფლის მეურნეობის პროფილის 71 სახელმწიფო საწარმოა რეგისტრირებული. აღნიშნულ საწარმოებს ფლობს და ზედამხედველობას უწევს ”სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო”, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, და ”სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”. აღნიშნული 71 საწარმოდან, კვლევის შედეგების მიხედვით, მოქმედია 15 საწარმო.

გიგლა მიქაუტაძის თქმით, მსგავსი საწარმოების არსებობა აფერხებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებს. ”ამ საწარმოების უმრავლესობა წამგებიანია. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი აგროვებენ ვალებს, რომლებიც საბოლოო ჯამში საზოგადოების გადასახდელი იქნება. ისინი არიან არაეფექტიანები - მათზე დაკისრებული ამოცანა არ სრულდება”,-აღნიშნავს გიგლა მიქაუტაძე.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ემზარ ჯგერენაია სახელმწიფო სტრუქტურებს, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად რეკომენდაციებს სთავაზობს: ”უნდა შეიქმნას ერთიანი რეესტრი, შემდეგ ეს საწარმოები უნდა დაჯგუფდეს, პირველი უნდა იყოს ფორმალური საწარმოები. კვლევამ კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ ზოგი ფორმალური საწარმოა და არ ფუნქციონირებს. აქ საჭიროა მსჯელობა ლიკვიდაციის იურიდიულ საკითხებზე. მეორე, უნდა იყოს გაჩერებული, მაგრამ პოტენციალის მქონე საწარმოების ჯგუფი, ეს ინვესტორებს დააინტერესებს. და მესამე, ის საწარმოები, რომლებიც ფუნქციონირებენ, მაგრამ ცუდად. შემდეგ უნდა შეიქმნას ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ამ საკითხებზე”, -ამბობს ემზარ ჯგერენაია.

კვლევის შედეგების მიხედვით, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, რომლებსაც ანალოგიური პრობლემები ჰქონდათ, პრობლემის მოგვარების რამდენიმე გზა აირჩიეს: ” აღმოჩნდა, რომ ყველა სახელმწიფო საწარმო, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ”საბჭოთა კავშირისგან” მემკვიდრეობით მიიღეს, გაიყიდა. ზოგჯერ წარმატებულად, ზოგჯერ წარუმატებლად. დღესდღეობით იქ, სოფლის მეურნეობის სექტორში სახელმწიფო საწარმოები აღარ არსებობს და გვხვდება მხოლოდ პატარა სერვის-კომპანიები, მაგალითად, ლაბორატორიების სახით. რაც შეეხება სამელიორაციო კომპანიებს, იქ პრობლემა შემდეგნაირად გადაწყდა - მაგისტრალური არხები სახელმწიფოს ხელშია, პატარა არხები კი ფერმერების ხელში. ან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელში. იქ მსხვილი ფერმერები არსებობენ და მენეჯმენტიც განსხვავებულია. ჩვენ ასეულობით ათასი ფერმერი გვყავს და ჩვენთან მენეჯმენტიც შესაბამისია”,- აღნიშნავს “გადასახადების გადამხდელთა კავშირის” ხელმძღვანელი, გიგლა მიქაუტაძე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა” (IDFI) და ”გადასახადის გადამხდელთა კავშირის” მიერ ჩატარებულ აღნიშნულ კვლევის შედეგებს მნიშვნელოვან მასალად მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ სამომავლო პროექტების შემუშავება არა მხოლოდ აღნიშნული კვლევის შედეგების გათვალისწინებით მოხდება.

თამარ კორკოტაშვილი