მთავრობამ უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების ახალი წესები დაამტკიცა

მთავრობამ უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების ახალი წესები დაამტკიცა.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ამ ცვლილების თანახმად, სასოფლო სამეურნეო მიწებს საქართველოში ვეღარ შეისყიდის უცხოეთში დაფუძნებული კომპანია ან სხვა იურიდიული პირი.

"სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება უცხოელ ფიზიკურ პირზე ან უცხოურ კომპანიაზე, თუნდაც ის საქართველოში იყოს დაფუძნებული, ვერ მოხდება საქართველოს საზღვრის მიმდებარე ხუთკილომეტრიან ზოლში და მთავრობის მიერ დადგენილ შესაბამის ზონაში. სასაზღვრო ზოლსა და ამგვარ ზონებში ვერც ერთი ფიზიკური პირი ან უცხოური კომპანია სასოფლო სამეურნეო მიწას ვერ შეისყიდეს. სამაგიეროდ, უცხოელი, რომელიც მემკვიდრეობით მიიღებს სასოფლო მიწას, შეიძლება გახდეს ამ მიწის მესაკუთრე. ეს ბევრ ჩვენ თანამემამულეს, რომელმაც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და დღეს უცხოელად ითვლება, საშუალებას მისცემს მისი წინაპრების მიერ მემკვიდრეობით დატოვებული სასოფლო-სამეურნეო მიწები მიიღონ საკუთრებაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, შერეული ქორწინების შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მოქალაქე არის ერთი მეუღლე, ხოლო მეორე მეუღლე არის უცხოელი, სასოფლო-სამეურნეო მიწა შესაძლებელია იყოს მეუღლეთა საკუთრებაში. წულუკიანის განცხადებით, განქორწინების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეს ეძლევა უფლება უპირატესი შესყიდვის წესით დაეუფლოს თავისი ყოფილი უცხოეული მეუღლის ქონებას.

"ყოფილ უცხოელ მეუღლეს ეკისრება ვალდებულება, რომ გაასხვისოს ამგვარი სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელსაც ის ფლობდა ქართველ მეუღლესთან ქორწინების პერიოდში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.