გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით ნიუ იორკში იმყოფება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სამუშაო ვიზიტით ნიუ იორკში იმყოფება.

უწყების ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ვიცე-პრემიერი ასამბლეის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრება, მათ შორის მონაწილეობას მიიღებს 24 სექტემბერს საერთაშორისო ეკონომიკური ალიანსის მიერ ორგანიზებულ მეშვიდე ყოველწლიურ გლობალურ საინვესტიციო სიმპოზიუმში Invest in Georgia.

გიორგი კვირიკაშვილი ასევე დაესწრება არაბთა გართიანებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრის შეიხ აბდულა ბინ ზაედ ალ ნახიანის მიერ გაეროს გენერალური მდივნის პატივსაცემად გამართულ მიღებას. ამასთან, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრებში, მათ შორის თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯებ თაიფ ერდოღანთან. 26 სექტემბერს ვიცე-პრემიერი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის მუშაობაში.

26 სექტემბერსვე გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვა ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს მე-17 წლიურ კონფერენციაზე, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თემას მიეძღვნება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი შეხვდება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში, ქალბატონ კეტრინ ნოველის. ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი ასევე დაეწრება ქართული ფილმების პირველი რეტროსპექტული ჩვენების გახსნას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.

გიორგი კვირიკაშვილი ნიუ იორკში საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფება.