პოლონელი ბიზნესმენები საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტებით ინტერესდებიან

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდჟეი ჩიეშკოვსკის შეხვდა.

მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთის ელჩმა თბილისის მერს დედაქალაქში განსახორციელებელი მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტებისადმი პოლონელი ბიზნესმენების დაინტერესება გადასცა.

ანდჟეი ჩიეშკოვსკის თქმით, პოლონური მხარე მზადაა, თბილისის მთავრობასთან ითანამშრომლოს ავტოპარკის განახლების, გარე განათების, მოძველებული შენობების მოდერნიზაციის, წყალმომარაგებისა და კომუნიკაციების საკითხებში. მისივე თქმით, პოლონურ კომპანიებს ამ კუთხით მდიდარი გამოცდილება, მაღალი ტექნოლოგიები და დაბალი ფასი აქვთ.

დავით ნარმანიას თქმით, ავტოპარკის განახლებაზე ტენდერი მომავალ წელს გამოცხადდება. მანამდე კი, თბილისის მთავრობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით, ვითარებას შეისწავლის და შესაბამის წინადადებას მოამზადებს.