სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის საგანგებო სხდომა გაიმართება

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის საგანგებო სხდომას გამართავს.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომას აჭარის მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ზურაბ კოპაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგები, არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას განიხილავენ და სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ზურაბ კოპაძესთან ერთად, ბათუმში გუდიაშვილისა და ბაგრატიონის ქუჩებზე წყალდიდობის შედეგებს გაეცნენ, ამოტუმბვის სამუშაოებს დაესწრნენ და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ.

20-21 სექტემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოსულმა უხვმა ნალექმა დატბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, დაიმეწყრა შიდა სასოფლო გზები, მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები. აჭარა სტიქიის ზონად გამოცხადდა.