აღმაშენებლის ხეივანში გამხმარ ხეებს ახალი ნერგებით შეცვლიან

დედაქალაქის მერია, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში გამხმარი ხეების ახალი ნერგებით ჩანაცვლებას იწყებს.

როგორც ჟურნალისტებს მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ბიძინა გიორგობიანმა განუცხადა, ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მწვანე ნარგავების მოვლისა და განაშენიანების საშემოდგომო სამუშაოები უკვე იწყება. მისი თქმით, გამწვანებისა და ნარგავების მოვლითი სამუშაოები ჩატარდება ქალაქის შემოსასვლელებსა და შიდა კვარტალურ გზებზე.

"გამხმარი ხეების ნაცვლად შემოდგომის სეზონზე დავიწყებთ ახალი ნერგების დარგვას. აღმაშენებლის ხეივანში მონიშნულია 450 გამხმარი ხე, მათ ნაცვლად ოქტომბრის ბოლოს 700 ხე დაირგვება, ამ ტერიტორიაზე 6 სხვადასხვა ჯიშის ხის დარგვა იგეგმება, მათ შორის არის აკაკი, კვიპაროსი ჰორიზონტალური, კვიპაროსი პირამიდული, ფიჭვი, ელდარის ფიჭვი და ჰიმაილის კედარი", - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

მისივე თქმით, ნარგავების ხმობა გამოწვეულია ხეების ხელოვნურად გაშენების დროს აგროტექნიკური პირობების დარღვევით, რამაც დროთა განმავლობაში მცერანეთა გამძლეობის დაქვეითება, საბოლოოდ კი, ხმობა განაპირობა. საერთო ჯამში 2014 წლის შემოდგომაზე თბილისის მასშტაბით 19 000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება.