დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის საერთაშორისო აეროპორტების საბჭოს დირექტორს შეხვდა

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" მოწვევით, თბილისს ევროპის საერთაშორისო აეროპორტების საბჭოს (ACI) გენერალური დირექტორი ოლივიერ იანკოვიჩი ეწვია.

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ოლივიერ იანკოვიჩი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს დიმიტრი ქუმსიშვილსა და "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორს ქეთევან ალექსიძეს შეხვდა.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და საქართველოს აეროპორტების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში შიდა ავიარეისებისა და მცირე აეროდრომების განვითარების საკითხებს დაეთმო.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" ევროპის საერთაშორისო აეროპორტების საბჭოში (ACI) 2013 წლის ოქტომბერში გაწევრიანდა. აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება აეროპორტებს ხელს უწყობს ეფექტიანი კომუნიკაციისა და ერთიანი სისტემის საშუალებით ევროპის სხვადასხვა აეროპორტებთან თანამშრომლობაში. ACI, როგორც ავიაციის ინდუსტრიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, აქტიურად არის ჩართული ევრორეგულაციების შემუშავებასა და დანერგვაში, რაც აეროპორტებს საშუალებას აძლევს, აქტიურად იყვნენ ჩართული ამ პროცესში. ACI Europe-ის წევრია ევროპის 44 ქვეყნის 450-ზე მეტი აეროპორტი, რომლებიც, წლიურად, დაახლოებით, 1,500,000,000 მგზავრს ემსახურებიან და მათი ფრენების რაოდენობა ევროპის მთლიანი ფრენების 90%-ე მეტს შეადგენს.

ვიზიტის განმავლობაში ოლივიერ იანკოვიჩი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, "საქაერონავიგაციის" "ტავ ჯორჯია"-ს ხელმძღვანელობასა და ავიაციის სფეროს სხვა წარმომადგენლებს შეხვდება.