იანვარ-აგვისტოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7411 მლნ დოლარი შეადგინა

2014 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 7411 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე 12 პროცენტით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ექსპორტი 1914 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5497 მლნ. აშშ დოლარს (13 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-აგვისტოში 3584 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48 პროცენტი შეადგინა.

2014 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1937 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 405 მლნ. აშშ დოლარი იყო (27 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1533 მლნ. აშშ დოლარი (6 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 21 პროცენტი და იმპორტში 28 პროცენტი. (2013 წლის იანვარ-აგვისტოში შესაბამისად 27, 18 და 30 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 31 პროცენტი (2013 წლის იანვარ-აგვისტოში 36 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2014 წლის იანვარ-აგვისტოში 2311 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2013 წლის იანვარ-აგვისტოთან შედარებით 3 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტმა 1003 მლნ. აშშ დოლარს (2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა 1308 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (3 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 31 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 52 პროცენტი და იმპორტში 24 პროცენტი. (2013 წლის იანვარ-აგვისტოში შესაბამისად 34, 56 და 26 პროცენტი). 2014 წლის იანვარ-აგვისტოში, დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 9 პროცენტი (2013 წლის იანვარ-აგვისტოში ასევე 9 პროცენტი).

2014 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1260 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (775 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (544 მლნ. აშშ დოლარი).

2014 წლის იანვარ-აგვისტოში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, 363 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 19 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 202 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 11 პროცენტს. მესამე ადგილზე სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 186 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 10 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2014 წლის იანვარ-აგვისტოში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 611 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 462 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 8 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 213 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4 პროცენტი).