ვლადიმერ პუტინი უკრაინას რუსეთის ბაზრის დახურვით დაემუქრა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების რეალიზების შემთხვევაში, უკრაინას რუსეთის ბაზრის დახურვით დაემუქრა.

სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, ამის შესახებ პუტინი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთვის გაგზავნილ წერილში წერს. სააგენტოს ცნობით, პუტინი წერს, რომ ასოცირების შეთანხმების რეალიზების მიზნით უკრაინის კანონმდებლობის შეცვლაც კი მოსკოვის დაუყოვნებლივ პასუხს გამოიწვევს.

"ჩვენ კვლავინდებურად ვფიქრობთ, რომ ასოცირების ხელშეკრულების მხოლოდ სისტემური კორექტირება მოგვცემს საშუალებას, შევინარჩუნოთ არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის", - ციტირებს პუტინის წერილს "როიტერი".

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა არც უარყო და არც დაადასტურა ასეთი წერილის არსებობა.