ოთარ დანელია მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას აშშ-ში სამუშაო ვიზიტი გრძელდება.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი სოფლის მეურნეობის გლობალური პრაქტიკის დირექტორ რეგენ ფოეგელეს და მსოფლიო ბანკის ექსპერტს სოფლის მეურნეობის დარგში პიტერ გუდმანს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით შეხვედრა მსოფლიო ბანკის სათავო ოფისში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს დაგეგმილი პროექტი, რომელიც საქართველოში ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარებას გულისხმობს. პროექტის ღირებულება 63 მლნ აშშ დოლარია. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო სამომავლოდ, მსოფლიო ბანკის მიერ ამ მიმართულების დაფინანსების საკითხებს.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის დარგის პოპულარიზაციის მიზნით განსახორციელებელ სხვადასხვა პროექტზე. ოთარ დანელიამ ისაუბრა, თუ როგორ აპირებს სახელმწიფო და კერძოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით დარგის პოპულარიზაციას. საუბარია როგორც ტელევიზიით, ასევე სოციალური მედიით სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა საქართველოს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა დაუდასტურა. რეგენ ფოეგელემ გამოთქვა მზადყოფნა, აშშ-ში უმასპინძლოს ქართველ ფერმერებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრება გააცნო მომავალში მსოფლიო ბანკის, IFAD-ის და სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობაში დაფინანსებული პროექტების უფრო ეფექტიანად დაგეგმვის და განხორციელების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტების განხორციელების განყოფილების შექმნის აუცილებლობის შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსოფლიო ბანკს ამ საკითხის განხორციელების კონკრეტულ გეგმას წარუდგენს.