კოოპერატივების რაოდენობა იზრდება

”ფერმერებს თეორეტიკოსები კი არა, პრაქტიკოსები გვჭირდება”

”რად გინდა ჯაყოსა კაპრატივი?” - გაოცებული კითხულობდა ჯაყო და თანასოფლელების გაყვლეფას ყოველგვარი ”კაპრატივის” გარეშეც მშვენივრად ახერხებდა... თვით ეს სიტყვაც კი, ძალიან ბევრ ადამიანში უსიამოვნო ემოციებს აღძრავს, თუმცა კოოპერატივი თავისი არსით საინტერესო მოვლენაა. ალბათ ამიტომ, კოოპერირების იდეას ჩვენი ქვეყნის აგრარული სექტორი 21-ე საუკუნეშიც მიუბრუნდა. სხვათა შორის, საქართველოში კოოპერატივების განვითარება ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციაა. სწორედ ამ მიზნით შემუშავდა ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ანუ ENPARD. ეს პროგრამა საქართველოში 2013 წელს დაიწყო და მის ფარგლებში უკვე 40 მილიონი ევრო გამოიყო. კოოპერირების მიმართ ქართველი ფერმერების დამოკიდებულება აშკარად პოზიტიურია, ამის საბუთად ციფრებს მოვიყვანთ: ერთი კვირის წინ კოოპერატივის სტატუსით საქართველოში 233 სუბიექტი სარგებლობდა, დღეის მონაცემებით კი, მათი რიცხვი უკვე 238-ს აღწევს.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ყაჭეიშვილი მიიჩნევს, რომ კოოპერატივების შექმნის იდეა უკვე რეალობად იქცა.

თამაზ ყაჭეიშვილი: კარგად მახსოვს, როდესაც კოოპერატივების შექმნა დაიწყო, საქართველოში მხოლოდ სამი, თუ ოთხი კოოპერატივი იყო, მერე მათი რიცხვი 50-მდე ავიდა და თანდათან გაიზარდა. კოოპერატივების მხარდასაჭერად სოფლის მეურნეობის სამინისტროში სპეციალური სააგენტოც შეიქმნა, სწორედ ამ სააგენტოსთან შეთანხმებითა და მათი ხელშეწყობით იქმნება ახალი კოოპერატივები, სააგენტო მათ ხელმძღვანელობს და ტექნიკურადაც ეხმარება. კოოპერატივების ძირითადი საქმიანობა მევენახეობა, მეფუტკრეობა, მეცხოველეობა და სანერგე მეურნეობაა, მაგრამ მათი საქმიანობის არეალი თანდათან გაიზრდება. როგორც ვიცი, ციტრუსების წარმოებაშიც აპირებენ კოოპერატივების გაკეთებას. მართალია, თვით კოოპერირების იდეა კომუნისტურ ეპოქასთან ასოცირდება, მაგრამ ჩვენი გლეხები ამ სახელწოდებამ არ უნდა შეაშინოს, მაშინდელი სახელმწიფო გლეხებს ტყავს აძრობდა, თანამედროვე კოოპერატივები კი ნებაყოფლობით იქმნება და ჩვენს ფერმერებს შეუძლიათ ყველაზე ახლობელი და საიმედო ადამიანები აქციონ საქმიან პარტნიორებად.

bpn.ge ”სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს” ხელმძღვანელს, გიორგი მიშელაძესაც დაუკავშირდა.

გიორგი მიშელაძე: კოოპერატივების რაოდენობა თითქმის ყოველდღე მატულობს. ამ მხრივ პირველ პოზიციაზე არის ქვემო ქართლი, სადაც უკვე 36 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი გაიხსნა. შემდგომში მოდის შიდა ქართლი და აჭარა. აქტიურობენ მაღალმთიან რეგიონებშიც, სადაც უკვე შექმნილია 62 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. მეპაიეებს შორის სულ 1 841 ფერმერია გაერთიანებული, მათ შორის 434 ქალბატონია. მთლიანობაში საპაიო ფონდში 4 მილიონ 600 ათას ლარზე მეტია შეტანილი. დღეის მდგომარეობით ძირითადად პირველი დონის კოოპერატივები გვაქვს. მეორე დონის კოოპერატივს პირობითად ვეძახით იმას, რომლის მეპაიეებიც კოოპერატივები არიან და არა ფიზიკური პირები. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მეორე დონის კოოპერატივი გვაქვს, რომელშიც თავის მხრივ, რამდენიმე კოოპერატივია გაერთიანებული. მათი მიზანი უკვე გადამამუშავებელი საწარმოს შექმნაა.

გიორგი მიშელაძის თქმით, კანონით დადგენილია სერიოზული შეღავათები კოოპერატივებისათვის, რის გამოც გრანტის მიღების შემთხვევაში ისინი არ იბეგრებიან: ”მაგალითად, გორის რაიონში შექმნილ ერთ-ერთ კოოპერატივს პოლონეთმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა და მიუხედავად იმისა, რომ ისინი მეწარმე სუბიექტები არიან, არ დაიბეგრნენ. ამის გამო სერიოზული შეღავათიც მიიღეს და რესურსიც დაზოგეს. გარდა ამისა, ხორციელდება მცირეგაბარიტიანი ტექნიკის პროგრამა, რომელიც მხოლოდ კოოპერატივებისათვის არის განკუთვნილი. ამ პროგრამის ფარგლებში მათ შეღავათიან ფასად გადაეცემათ მოტობლოკები, რომლებიც დაკომპლექტებულია ხელის სათესით, გუთნითა და კულტივატორით. ეს პროგრამა უკვე დაწყებულია და დღეს უკვე 368 მოტობლოკის კომპლექტზეა განაცხადი გაკეთებული. ასე რომ, კოოპერირების პროცესი გრძელდება. ამ პროცესის სტიმულირების მიზნით შემუშავებულია დაბრუნებადი გრანტების გაცემა 20-პროცენტიანი თანამონაწილეობის პირობით. დაბრუნებადი გრანტის პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია ”ჩარე”-ი, რომელსაც თავისი რეგიონები აქვს განსაზღვრული. საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი 10 ოქტომბერს დასრულდება. ეს ყველაფერი ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ჩვენ მზად ვართ შეძლებისდაგვარად მხარში ამოვუდგეთ და კონსულტაცია გავუწიოთ ფერმერებს, რომლებსაც კოოპერატივის შექმნა სურთ. სტატუსის მინიჭებაშიც დავეხმაროთ, ხოლო ამის შემდეგ ჩვენ უკვე ერთმანეთის პარტნიორები და თანამშრომლები გავხდებით.

ალბათ მკითხველისთვის საინტერესოა, რას ფიქრობენ ამავე საკითხზე გლეხები და ფერმერები, რომლებზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კოოპერირების პროცესის წარმატება.

ჯაბა ჭეიშვილი , ფერმერი, ასოციაცია ”ელკანას” კონსულტანტი: ”კოოპერირების იდეა მისასალმებელია, ჩემი ოჯახიც ჩართულია ამ საქმეში. ახლა დაფინანსებას ველოდებით, რომ მანდარინის საცავები გავაკეთოთ და მუშაობა დავიწყოთ. ოღონდ არ შემიძლია ქართველი გლეხებისა და ფერმერების პრობლემებზეც არ გითხრათ: გლეხი სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს. სასურველია დაბალპროცენტიანი, ან უპროცენტო სესხები გასცენ ამ ადამიანებზე. ჩემი აზრით, კოოპერატივის წესდებაც გადასახედია, რადგან ის ძალზე რთული აღსაქმელია რიგითი ფერმერისათვის. ქართველი გლეხების დიდი ნაწილი ჯერ არ არის მზად ამისთვის, რადგან შემოსავალი, რომელიც მათ აქვთ, წლიდან წლამდე ძლივს ჰყოფნით შვილებისა და ოჯახის შესანახად. ამიტომაც არის საჭირო სახელმწიფოს მიერ დოტაცია და დახმარება. ფერმერებს შორის ცნობიერების დონეც ასამაღლებელია. კოოპერირებას რომ სთავაზობენ, ზუსტად უნდა აუხსნან, ტრენინგები ჩაუტარონ. სამინისტროს წარმომადგენელი ფერმერამდე უნდა მივიდეს და მის პრობლემებს ადგილზე გაეცნოს, რადგან თბილი კაბინეტიდან გლეხის გაჭირვება არ ჩანს. მე ძალიან ბევრ მათგანს ვიცნობ და აქედან გამომდინარე გელაპარაკებით.

კოოპერატივს ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს: როდესაც 5, ან 10 ფერმერია გაერთიანებული, ყველა ერთად, საბითუმო ფასში ყიდულობს საჭირო პრეპარატებს, სასუქსა და მასალას, ისინი ერთად პოულობენ კლიენტებს - ესეც კარგია, მაგრამ ვისაც არაფერი აქვს, ის რა კოოპერატივს შექმნის? გარდა ამისა, კოოპერატივს კარგი მენეჯერი, კარგი ხელმძღვანელი და ბუღალტერი სჭირდება. მე შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, ფერმერებს შორისაც არიან კარგი მენეჯერები და ბუღალტრები, მაგრამ ძირითადი ფენა ამას ვერ შეძლებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ თეორეტიკოსები კი არა, პრაქტიკოსები გვჭირდება, რომლებმაც გლეხის ჭირიც კარგად იციან და ლხინიც.

ყველამ კარგად ვიცით რა წარმატებებს მიაღწია ამ ბოლო წლებში თურქეთის ეკონომიკამ და სოფლის მეურნეობამ. თურქეთში ერთი სატელევიზიო არხი სპეციალურადაა გამოყოფილი, რომ გლეხს ინფორმაცია მიაწოდოს. ამ არხზე ყველაფერს დეტალურად ასწავლიან, ჩვენს ტელევიზიებში კი სერიოზული, საქმიანი გადაცემების დეფიციტია. მე მგონი, დაწინაურებულ ქვეყნებს პირველ რიგში კარგი საქმით უნდა მივბაძოთ და არა - ცუდით”.

ხათუნა ჩიგოგიძე