საქსტატი: 2014 წლის რვა თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 6,1% შეადგინა

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2014 წლის აგვისტოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,2 პროცენტი , ხოლო 2014 წლის პირველი რვა თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 6,1 პროცენტი შეადგინა.

ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

"2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან.

გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს", - აცხადებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.

რაც შეეხება საქონლით საგარეო ვაჭრობის სტატისტიკურ მაჩვენებლებს 2014 წლის იანვარ-აგვისტოში, მათი განმარტებით, საქონლის ექსპორტმა 1 913,5 მლნ აშშ დოლარი, იმპორტმა 5 497,1 მლნ აშშ დოლარი, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ კი 7 410,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სტატისტიკის სამსახური სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლების შესახებაც აქვეყნებს ინფორმაციას და გამარტავს, რომ აგვისტოში ხარჯები- 556,3 მლნ ლარით, შემოსავლები კი 589,3 მლნ ლარით განისაზღვრა.

რაც შეეხება საბანკო სფეროს მთლიან გამოშვებას, აგვისტოს თვის წინასწარი მაჩვენებლები ასეთია: კომერციული ბანკები- 85,9 მლნ ლარი, ეროვნული ბანკი – 6,0 მლნ ლარი.