კახა კალაძემ საპარტნიორო ფონდის პროექტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

საპარტნიორო ფონდის პროექტის – "გარდაბნის 230 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური" სამშენებლო სამუშაოები ვიცე პრემიერმა, კახა კალაძემ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ირაკლი კოვზანაძესთან ერთად დაათვალიერა.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ირაკლი კოვზანაძემ, რომელმაც ვიცე პრემიერს განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოების ნახევარზე მეტი უკვე შესრულებულია.

"გაზის ტურბინების მონტაჟის შემდეგ ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია დანარჩენი ძირითადი აგრეგატებისთვის საძირკვლის მომზადების სამუშაოები და მიმდინარეობს ლითონ-კონსტრუქციებისგან სხვადასხვა დამხმარე შენობების მშენებლობა. ვგეგმავთ, რომ 2015 წელს სადგური ექსპლუატაციაში გავუშვათ", - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

თბოელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი შვილობილ - "საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციასთან" ერთად ახორციელებს. სადგურის პოტენციური გამომუშავება 1.8 მილიარდი კოლოვატსაათი იქნება და ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტრონერგიით უწყვეტ მომარაგებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

გარდაბნის თბოელექტროსადგურის საინვესტიციო ღირებულება 220 მლნ აშშ დოლარია და მას საპარტნიორო ფონდი და "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" აფინანსებს. მშენებლობას უმსხვილესი თურქული კომპანია - ÇALIK ENERJİ ახორციელებს.