დასაქმებულთა 2/3 თბილისზე მოდის, რეგიონები მკვდარია

შარშანდელთან შედარებით საწარმოებში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 19 ათასით გაიზარდა.

საქართველოს მოსახლეობის 60%-ზე მეტი თბილისშია დასაქმებული, საქართველოს სხვა რეგიონებში კი ეკონომიკა მკვდარია. ჯერჯერობით, ეს მაჩვენებელი ახალმა მთავრობამაც ვერ შეცვალა. ათეულობით ახალი საწარმოს გახსნისა და მრავალმილიონიანი ბიზნესპროექტების განხორციელების დაპირების ფონზე, ერთ წელიწადში საწარმოებში დასაქმებული ადამიანის მაჩვენებელი მხოლოდ 19 ათასი კაცით გაიზარდა.

საქართველოში ყველაზე მეტი დასაქმებული თბილისში აღირიცხება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის განაწილება ხასიათდება შემდეგი თანმიმდევრობით : თბილისი - 62.6%, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 9%, იმერეთი - 7.8%; ქვემო ქართლი - 6.2%; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 4.4%. წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი არ იცვლება, რაც რეგიონებში ეკონომიკურ სტაგნაციაზე მიუთითებს.

2013 წელს საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 533 ათასი კაცი შეადგინა. აქედან 38 პროცენტი ქალია, ხოლო 62 პროცენტი - კაცი. ყველაზე მეტი დასაქმებული ვაჭრობის სფეროზე მოდის, შემდეგია მშენებლობა. შარშანდელთან შედარებით, საწარმოებში დაქირავებით დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 19 ათასი კაცით გაიზარდა. სპეციალისტების განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში ეს ზრდის ძალიან დაბალი მაჩვენებელია, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობას მრავალი ბიზნეს პროექტის განხორციელება ჰქონდა დაგეგმილი.

დასაქმებულთა დაახლოებით 56% მსხვილ საწარმოებზე მოდის, ანუ 44% საშუალო და მცირე საწარმოებშია დასაქმებული. ასეთი ზომის საწარმოები იმდენად ცოტაა ქვეყანაში, რომ აქ დასაქმებული ადამიანები საერთო ეროვნული პროდუქტის მხოლოდ 15%-ს ქმნიან. ამ მაჩვენებელს კი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე არსებითი გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

საშუალო თვიურმა ხელფასმა ბიზნესსექტორში 760.1 ლარი შეადგინა, მათ შორის, ქალების ხელფასი - 566.7 ლარია. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი - 969.9; საშუალო ბიზნესი- 565.8; მცირე ბიზნესი - 372.2 ლარი. სპეციალისტების განცხადებით, ქალების სახელფასო დონე, მნიშვნელოვნად ჩამორჩება მამაკაცების ხელფასს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთსა და იმავე თანამდებობაზე ქალს უფრო ნაკლებს უხდიან, ვიდრე მამაკაცს. საქმე ისაა, რომ მაღალანაზღაურებად თანამდებობებს, როგორც წესი, მამაკაცები იკავებენ.

სხვათაშორის, არსებობს ერთი სექტორი, სადაც ქალს მამაკაცზე მეტი ხელფასი აქვს - ეს არის საქმიანობა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამ ტიპის ორგანიზაციებში საქართველოს მოქალაქე მამაკაცები, ძირითადად, მძღოლად მუშაობენ, ხოლო მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე (თარჯიმნებად და რეფერენტებად) ქალები არიან დაკავებულნი.

თბილისში დასაქმებული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დაქირავებით მომუშავეა, რეგიონებში კი, პირიქით, მეტი წილი თვითდასაქმებულია. ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ საწარმოთა ბრუნვის სტატისტიკის მიხედვით საკამოდ მაღალია მსხვილი საწარმოების წილი - 81,7%. შარშანდელთან შედარებით, მცირე საწარმოთა ბრუნვის მაჩვენებლის გაზრდის ხარჯზე შემცირდა მსხვილი ბიზნესის წილი. კერძოდ, წელს, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მცირე ბიზნესის წილი 8,6%-დან 10,2%-მდე გაიზარდა. საშუალო ბიზნეის წილი კი - 7,5%-დან 9,7%-მდე.

აკადემიკოს ავთო სილაგაძის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესის ბრუნვის მაჩვენებელი იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუკი მონოპოლიური სტრუქტურები ჩარჩოებში მოექცევა. ბრუნვის ძირითადი ნაწილი მონოპოლიურ და ოლიგოპოლიურ სტრუქტურებზე მოდის. იმ შემთხვევაში, თუ მონოპოლიურ საწარმოებს ერთიან საკანონმდებლო ჩარჩოში მოაქცევენ, მცირე და საშუალო საწარმოების წილი ბრუნვაში კიდევ უფრო გაიზრდება.

”როდესაც ბაზარზე მსხვილი ბიზნესის წილი არის ძალიან მაღალი, ამ შემთხვევაში ფასებიც არის მონოპოლიური. შესაბამისად, ფასი საბაზრო პრინციპების მიხედვით არ იქმნება. ასე რომ, მონოპოლიური სტრუქტურები სამომხმარებლო ბაზარზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ეს პროცესი კი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს”, - ამბობს ავთო სილაგაძე.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”