სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა სამეგრელოში აგროდაზღვევის პროგრამა წარადგინეს

ზუგდიდში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარიანა მორგოშია და "აგროდაზღვევის პროექტის" ხელმძღვანელი ლევან მაღრაძე სამეგრელოს რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რეგიონის გამგებლებს, სოფლის რწმუნებულებს და ფერმერებს შეხვდნენ.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აგროდაზღვევის პროგრამა წარადგინეს და პროექტის შესახებ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს და ფერმერებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

აგროდაზღვევის საპილოტე სახელმწიფო პროგრამა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში აგროდაზღვევის სტიმულირების მიზნით, სადაზღვევო პრემიის 70%-დან 95%-მდე თანხას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დააფინანსებს.

აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამაში სულ 4 ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანია – "ჯიპიაი ჰოლდინგი", "ალდაგი", "აი სი ჯგუფი" და "ირაოა" ჩართული. საშემოდგომო მოსავლის დასაზღვევად, სადაზღვევო კომპანიებმა პროექტში მონაწილე მსურველებისგან განაცხადების მიღება უკვე დაიწყეს. ამ ეტაპზე სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემულია 6 ათასი პოლისი. ფერმერებმა სადაზღვევო პოლისი ციტრუსზე, ხორბალზე და ვაზზე აიღეს.

აგროდაზღვევის საპილოტე პროექტის მიზანია აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში ფერმერებს საშუალება ეძლევათ დააზღვიონ მოსავალი სეტყვაზე, ჭარბ ნალექზე, ქარიშხალზე, საშემოდგომო ყინვაზე.

აგროდაზღვევის საპილოტე სახელმწიფო პროგრამა მომავალი წლის პირველ სექტემბრამდე გაგრძელდება.