სოფელ სკრაში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.

გორის მუნიციპალიტეტის ცნობით, სამუშაოები 210 მეტრზე განხორციელდება. მათივე ინფორმაციით, სანაპიროზე ლოდებისა და ღორღის ჩაყრა, ასევე გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს.

"პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, მისი ღირებულებაა 325 500 ლარი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "არილი" აწარმოებს. გასულ წელს ნაპირსამაგრი სამუშაოები მტკვრის მარჯვენა სანაპიროს 250 მეტრზე განხორციელდა", - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტში.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები დღეს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

"წლების წინ მდინარე მტკვარმა შეიცვალა კალაპოტი და მას შემდეგ, უხვი ნალექის დროს, იტბორებოდა მიწის სავარგულები და საცხოვრებელი სახლები. ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს პრობლემა სოფელ სკრის მოსახლეობას აღარ შეაწუხებს", - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტში.