ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე 100-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელების გზებზე იმსჯელეს

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე დღეს 100-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელების გზებზე იმსჯელეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, პროექტის "სამეფო ბაღები" შესახებ ინფორმაცია საბჭოს წევრებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მიაწოდა. მისი განმარტებით, პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები 6 წლის მანძილზე მიმდინარეობდა, რამაც ინვესტორს ზარალი მიაყენა. ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში არქიტექტურულ პროექტებზე საჯარო კონკურსი გამოცხადდება. სპეციალური საბჭო შეარჩევს 3 პროექტს, რომელთაგან საუკეთესოს წლის ბოლოს თავად ინვესტორი აირჩევს. პროექტის განმახორციელებელია შპს "აპოლო გ", რომელიც "კემპინსკის" სავაჭრო ნიშნის ქვეშ აპირებს ამ მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თავის მხრივ, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ უზუსტობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია სასტუმროებისა და რესტორნებისთვის ახალი რეგულაციების შემოღებასთან დაკავშირებით, მცდარია.

"სახელმწიფო არ გეგმავს არანაირი ახალი შემზღუდავი რეგულაციების დაწესებას სასტუმროებისა და რესტორნებისთვის. შესაძლოა მსგავსი ინციატივა მოდიოდეს ასოციაციებისა და კერძო წყაროებისგან. სახელმწიფოს არა გააჩნია მსგავსი მიზანი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.