ქართული პროდუქტის გაძვირებამ ინფლაცია გაზარდა

”გუშინდელი 1 ლარი არასოდეს უდრის ხვალინდელ 1 ლარს”

”საქსტატმა” წლიური ინფლაციის ახალი მაჩვენებლები გამოაქვეყნა, საიდანაც ჩანს, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციის დონე 4,8%-ით გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2011 წლის ამავე პერიოდის შემდეგ ყველაზე მაღალია. 1,2%-ით არის გაზრდილი ინფლაცია აგვისტოსთან შედარებითაც. იმავე "საქსტატის" ინფორმაციით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ამ ჯგუფზე ფასები გაიზარდა 8,4%-ით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 2,56%–ული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული - 27,3%, ხილი და ყურძენი - 16,9%. ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე - 4,3%-ით.

ერთი შეხედვით უცნაურია, მაგრამ 15,2%-ით გაიზარდა ჯანდაცვის მომსახურებისა და სერვისის ფასი, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,37 პროცენტული პუნქტით აისახა. ამ ჯგუფში ფასების მატება აღინიშნა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფსა და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე.

ბუნებრივია, ჩვენი საზოგადოება ამ მონაცემებს უარყოფითად აფასებს, თუმცა არსებობს ხალხი, ვინც გაძვირებაში პოზიტივს ხედავს. მათ შორისაა ეკონომიკის ექსპერტი ვაჟა კაპანაძე.

-შემოდგომაა, წესით, ქვეყანაში სურსათისა და საკვები პროდუქტების გაძვირების საფუძველი არ უნდა არსებობს. რამ გამოიწვია ეს გაძვირება?

- მიმაჩნია, რომ ამაში საგანგაშო არაფერია. ძირითადად სურსათი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაძვირდა, მაგრამ შემოდგომა აქ არაფერ შუაშია: ეს სიტუაცია დამატებითი ბაზრების გახსნისა და იმ მოლოდინის ბრალია, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ შექმნა. რუსეთის ბაზარზე გასვლით კატასტროფულად გაიზარდა მოთხოვნა ყურძენზე, რაც მაშინვე აისახა ყურძნის ფასზე. იგივე მოხდა ისეთ პროდუქციაზე, რომლის გატანაც ქართველმა მეწარმეებმა დაიწყეს. მე უფრო მეტსაც მოველოდი, იმიტომ, რომ სადაც მაღალია ფასი, პროდუქციის გადინებაც იქით ხდება, თუ ამას ხელოვნური ბარიერები არ ახლავს, ვგულისხმობ როგორც სატარიფო, ისე არასატარიფო შეზუდვებს. ყოველივე ეს კი, სტიმულს აძლევს ფასების ზრდას. უცბად გაჩნდა ახალი ბაზრის პერსპექტივა და ამან მოახდინა გავლენა სურსათის ფასზე.

-თქვენი აზრით, ქვეყანაში ინფლაციის ზრდის ტენდენცია არ შეინიშნება?

- ამ პროცესში ტენდენციას ვერ ვხედავ, სულ მალე ფასები ისევ სტაბილური გახდება და ნოემბერ-დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ნაკლები იქნება. რა თქმა უნდა, ინფლაცია კვლავ იქნება, მაგრამ 4,8%-იდან შეიძლება ჩამოვიდეს 4,4-4,5%-ზე, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი თავისი ფულად-საკრედიტო პოლიტიკით არ წაახალისებს ინფლაციურ პროცესებს. ჩემი აზრით, ეს არ არის ტენდენცია. მარტივად რომ გითხრათ, თუ ქართული ვაშლი დიდი რაოდენობით გავა რუსეთის ბაზარზე, ჩვენს ბაზარზე მისი ფასი აიწევს, მაგრამ თუ რუსეთის ბაზარი ჩაიკეტება, მაშინ ჩვენთან ვაშლის ფასი დავარდება. ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც ორჯერ ორი- ოთხი. ანალოგიური რამ მოხდა ატამზეც: თუ გასულ წელს ატამი 50 და 60 თეთრი ღირდა, წელს რუსეთში გავიდა და ფასი ერთ ლარს ქვემოთ აღარ ჩამოსულა. ეს ბუნებრივი პროცესია: ქართული პროდუქცია ექსპორტზე გავიდა და მისი ფასი გაიზარდა, რაც ძალიან კარგია. საგანგაშო მაშინ იქნებოდა, იმპორტირებული პროდუქცია რომ გაძვირებულიყო. იგივე უნდა ითქვას ქართულ თხილზე, რომლის ფასიც წელს ძალიან გაიზარდა.

-როგორ ავუხსნათ ეს მოსახლეობას, რომელსაც პროდუქციის გაძვირება სულაც არ მოსწონს?

- არ მოსწონს იმას, ვინც ყიდულობს, აბა, ერთი ჩაბრძანდით საგარეჯოში, ან გურჯაანში და ჰკითხეთ - თუ მოეწონათ, რომ წელს ატმის ფასი გაიზარდა? აბა, ჰკითხეთ კახელ მევენახეებს კარგი იყო თუ ცუდი წელს საფერავი 3 ლარი რომ ღირდა? გააჩნია, ვის ჰკითხავთ -მყიდველს თუ ჰკითხავთ, ის სულ სხვა რამეს გეტყვით, მაგრამ გამყიდველს თუ ჰკითხავთ - სულ სხვას. აბა, ის იყო კარგი თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასში რომ იყიდებოდა ქართული პროდუქცია, რადგან გლეხს არსად გატანის საშუალება არ ჰქონდა? საკმაოდ კარგი ხილი 30-40 თეთრი რომ ღირდა, ეს ნორმალური არ იყო?

- ჯანდაცვის მომსახურება და სერვისიც გაძვირდა, ეს რით არის გამოწვეული?

- მიმდინარე წლის მაისიდან გავრცელდა ინფორმაცია რეცეპტების შემოღების შესახებ და მოსახლეობა გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდა, რამაც გარკვეული აჟიოტაჟი და უსიამოვნო მოლოდინი გამოიწვია. ყველა ცდილობდა წამლის მარაგი დაეგროვებინა. ხალხმა დაიწყო ექიმებთან უფრო ინტენსიურად მისვლა და წამლების დიდი რაოდენობით შესყიდვა, რასაც ხელი შეუწყეს აფთიაქებმა, რომლებიც ამ აჟიოტაჟს ახალისებდნენ. შედეგად, სამედიცინო მომსახურების წილი ინფლაციის მაჩვენებელში გაიზარდა. ასე რომ, ინფლაცია არ არის ეროვნული ბანკის, ან ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ნაყოფი - ეს ბუნებრივი პროცესია, რომელიც დროთა განმავლობაში უნდა დასტაბილურდეს. მართალია, ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ ინფლაცია გარდაუვალია, მაგრამ ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფლაციის საშიშროება არ არსებობს. თუ არ გჯერათ, დაელოდეთ და ნახავთ, რომ ეს პროგნოზი გამართლდება, მით უმეტეს, 4,8% საგანგაშო ციფრი არ არის, ინფლაცია სულ იქნება. ოქტომბერში შეიძლება 4,5%-მდე დავიდეს და 2014 წელი 4-პროცენტიანი ინფლაციით დასრულდეს, 3 პროცენტი უკეთესი იქნებოდა, მაგრამ 4 პროცენტიც კარგია.

- ალბათ ისიც საყურადღებოა, რომ სექტემბერში ინფლაციის ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

- ცნობილია, რომ ნებისმიერი ეკონომიკური ზრდა იწვევს ინფლაციურ პროცესებს, გუშინდელი 1 ლარი არასოდეს უდრის ხვალინდელ 1 ლარს, მათ შორის აუცილებლად არის უმნიშვნელო ცვლილება. მთავარია, ინფლაციური პროცესის ხელოვნური სტიმულირება არ მოხდეს. ინფლაცია გონივრულ ფაგლებში უნდა გვქონდეს, 2-3 პროცენტი იდეალურია, მაგრამ 3-4 %-იც არ არის კატასტროფა.

ხათუნა ჩიგოგიძე