ახალსოფლის მოსახლეობა აქციას მართავს

გორის რაიონის სოფელ ახალსოფელთან ამ წუთებში ხმაურია.

ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის შესასვლელ გზაზე გამოვიდა და აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის მილსადენზე მიმდინარე სამუშაოების მწარმოებლებს მუშაობის გაგრძელების საშუალებას აღარ მისცემს. ბუნებრივი აირის შეყვანა მიმდინარეობს სოფლების - ბერშუეთის, ზეღდულეთის და სობისის მიმართულებით. ახალსოფლის მოსახლეობა იმ ფაქტს აპროტესტებს, რომ ბუნებრივი აირის მილსადენმა მათ სოფელზე უნდა გაიაროს, თუმცა ამ სოფლის მოსახლეობა გაზს ჯერჯერობით ვერ მიიღებს.

სოფლის მოსახლეობასთან შესახვედრად გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი და მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომლები მივიდნენ. ხელისუფლებასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის მილსადენზე მიმდინარე სამუშაოების გაგრძელების საშუალებას მანამდე არ მისცემენ კომპანიას, ვიდრე არ მიიღებენ პირობას, რომ გაზს ახალსოფლის მოსახლეობაც მიიღებს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ მოსახლეობის პრობლემები მოგვარდეს. თუმცა იმასაც ამბობს, რომ 2014 წლის ბოლომდე არც დასახელებულ სოფლებში და არც ახალსოფელში ბუნებრივი აირი ვერ იქნება მოსახლეობისთვის მიწოდებული შესაბამისი ტექნიკური სამუშაოებიდან გამომდინარე.