თბილისში საქართველო-სინგაპურის ბიზნესფორუმი გაიმართა

სასტუმრო Holiday Inn-ში საქართველო-სინგაპურის ბიზნესფორუმი გაიმართა.

ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა და სინგაპურის ბიზნეს ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰო მენგ კიტმა მიმართეს.

ფორუმის დასრულების შემდეგ საქართველოსა და სინგაპურის საქმიან წრეებს შორის პირისპირ შეხვედრები გაიმართა. სინგაპურის ბიზნესის წარმომადგენლების განსაკუთრებულ ინტერესს ენერგეტიკა, წარმოება, ლოგისტიკა და საფინანსო სფერო წარმოადგენდა.

ფორუმის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ქართულ კომპანიას, "ალიანს ჯგუფ ჰოლდინგსა" და სინგაპურულ საფინანსო კომპანიებს Vector Scorecard Global (VSG) და Gauthamma International შორის. მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს თანამშრომლობის გაძლიერება ორი ქვეყნის საქმიან წრეებს შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის მიმართულებით.

საქართველო-სინგაპურის ბიზნეს-ფორუმი საქართველოში სინგაპურის ბიზნეს ფედერაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რომლის ორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტო.