ავტობანის ახალი მონაკვეთი გაიხსნა

ავტობანის ახალი მონაკვეთი გაიხსნა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, დღეს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი-აგარას მშენებარე მონაკვეთზე 5 კილომეტრიანი საავტომობილო გზა გაიხსნა. ავტობანის ახალი მონაკვეთი ოფიციალურად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იუე ბინმა გახსნეს.

რუისი-აგარას სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე საერთო ჯამში 19 კილომეტრია. პროექტის ღირებულება, რომლის მშენებლობასაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს, 70 მილიონი ლარია. სამუშაოებზე 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათგან 70% - ადგილობრივი მცხოვრებია, რომელთა დიდი ნაწილი მიმდებარე სოფლების მოსახლეობაა. პროექტი ითვალისწინებს, აღნიშნულ გზაზე ორდონიანი გადაკვეთების მოწყობას, სადაც 5 გზაგამტარი და 3 სახიდე გადასასვლელი აშენდება.

რუისი-აგარას მონაკვეთის მშენებლობის შედეგად, გაუმჯობესდება საგზაო ქსელი, მოხდება მისი მოდერნიზება და თანამედროვე სტანდარტებთან გათანაბრება, ასევე, გაიზრდება ავტოტრანსპორტის ნაკადის გამტარუნარიანობა და მოძრაობის უსაფრთხოების დონე.

E60 ავტომაგისტრალის რუისი-აგარის დარჩენილ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში გრძელდება, მშენებლობა სრულად 2015 წელს დასრულდება. წლის ბოლომდე, რუისი–აგარას მონაკვეთზე ჯამში ახალი 11 კილომეტრი და ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კილომეტრი გზა გაიხსნება.