ზაქარია ქუცნაშვილი ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნის ინიციატივით გამოდის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა უნდა შეიქმნას.

როგორც დეპუტატმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საჯარო სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.

"მე ვიყავი და ვრჩები იმის მომხრე, რომ შეიქმნას ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა, როცა შევსებული დეკლარაციების სისწორე გადამოწმებული იქნება. საქართველოში ძალიან დიდი პრობლემაა ქონების შეფასების საკითხი. ძალიან ბევრი მოქალაქე ხელოვნურად ადაბლებს მის მფლობელობაში არსებულ ქონების ღირებულებას ქონების გადასახადისგან თავის არიდების მიზნით. როცა ევროპულ სახელმწიფოებში მთავარ შემოსავლის წყაროს ასრულებს საშემოსავლო გადასახადი და ქონების გადასახადი, ჩვენთან არც ერთი და არც მეორე მთავარი გადასახადი არ არის. ჩვენთან ვაჭრობის გადასახადია მთავარი შემოსავლის სახე, დამატებითი ღირებულების გადასახადს რომ ვეძახით", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, არსებობს მოსაზრება, რომ შემცირდეს ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავლის გადასახადიც. "ასევე გვაქვს მოსაზრება, რომ შევამციროთ ბინების გაქირავების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებები. დღეს 20%-ია გადასახადი, რაც მოქალაქემ ბინის გაქირავების შემთხვევაში უნდა გადაიხადოს. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ეს მაღალი გადასახადია და მალავენ ბინის გაქირავების ფაქტს. ვფიქრობ, 10%-მდე მაინც დავიყვანოთ, რომ მოქალაქეებს გაუჩნდეთ მოტივაცია, აღარ დამალონ ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი და გადაიხადონ თანხა", - განაცხადა ქუცნაშვილმა.