გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო ექსპერტს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოში სტუმრად მყოფ საერთაშორისო ექსპერტს, ედ მელკერტს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, ვიცე-პრემიერმა ედ მელკერტს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები, ასევე სამინისტროს სისტემაში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო. გიორგი კვირიკაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე, ასევე სამინისტროს სისტემაში ახლად შექმნილი რამდენიმე სააგენტოს მნიშვნელობაზე, საპენსიო რეფორმის მიმდინარეობაზე, მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამებსა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ.

ედ მელკერტმა ვიცე-პრემიერს გააცნო თავისი ხედვა საქართველოში საჯარო სექტორისა და ბიზნესის ურთიერთობის, მდგრადი განვითარებისა და დასაქმების, სამთავრობო სტრუქტურებს შორის კოორდინაციისა და მმართველობის თანამედროვე სტანდარტებით განვითარების თაობაზე. ექსპერტმა ასევე ისაუბრა სამუშაო ადგილების შექმნისა და უმუშევრობის შემცირების ინოვაციური პოლიტიკის შემუშავება-განხორციელების საკითხებზე.

საერთაშორისო ექსპერტი ედ მელკერტი ჰოლანდიის სოციალურ საკითხთა და დასაქმების ყოფილი მინისტრია. მისი შრომითი ბიოგრაფია საკმაოდ მრავალფეროვანია - სხვადასხვა დროს იგი იყო მსოფლიო ბანკის ჯგუფის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, ევროკავშირის სოციალურ საკითხთა საბჭოს პირველი ევროპული დასაქმების სტრატეგიის, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის დასაქმების მინისტრთა კომიტეტის თამჯდომარე, UNDP-ის ასოცირებული ადმინისტრატორის პოზიციაზე ხელმძღვანელობდა ოპერაციებს 150-ზე მეტ ქვეყანაში და ა.შ.