დღეს ფარავნის ჰიდროელექტროსადგური გაიხსნა

სამცხე-ჯავახეთში ფარავნის ჰიდროელექტროსადგური გაიხსნა.

87 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰესი, რომელიც თურქული "ანადოლუ ჯგუფის" ინვესტიციით აშენდა , საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრ თანერ ილდიზთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

"სამცხე-ჯავახეთში დღეს ვხსნით კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ობიექტს, რომელიც წარმატებით განხორციელდა ჩვენს თურქ პარტნიორებთან ერთად. ფარავნის ჰიდროელექტროსადგური - ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისთვის. ფარავანჰესი არის საქართველოსა და თურქეთის მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი", - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლის დროს.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ენერგოსექტორი ეს ის სფეროა, რომლის განვითარებაც პირდაპირ კავშირშია ჩვენი ეკონომიკის აღმავლობასთან.

ჰიდროელექტროსადგური თურქულმა "ანადოლუ ჯგუფმა" შვილობილი კომპანიის - "საქართველო ურბან ენერჯის" მეშვეობით ააშენა და პროექტში 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. "ფარავანჰესის" საშუალებით ელექტროენერგიის გამომუშავება 410 მილიონი კილოვატ/საათით გაიზრდება. მსგავსი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური საქართველოში ბოლო 35 წლის განმავლობაში არ აშენებულა. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე სამუშაოებზე დასაქმებული იყო 300-დან 1000-მდე ადამიანი, რომელთა 60% ადგილობრივი მცხოვრებია. "ფარავანჰესის" ოპერირებისთვის დამატებით დასაქმდა 35 ადამიანი, რომლებმაც კვალიფიკაციის ასამაღლებელი შესაბამისი კურსები გაიარეს.