სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

ერევანში ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე, რომელიც ქვეყნის "ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში" გაწევრიანებას მოჰყვა.

სომხური მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქცია საპარლამენტო პარტიებმა - "აყვავებული სომხეთი", სომხეთის ნაციონალური კონგრესი და "მემკვიდრეობა" - მოაწყეს. აქციის ორგანიზატორებმა მინსკში გაფორმებულ შეთანხმებას ეროვნული ინტერესის ღალატი უწოდეს.

"გასულ წელს სერჟ სარგსიანმა არჩევნებზე ხალხის ხმები მოიპარა და თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ზუსტად ხუთი წლის წინ მან ხელი მოაწერა ანტისახელმწიფოებრივ სომხურ-თურქულ პროტოკოლს. დღეს კი სერჟ სარგსიანმა ისე, რომ ამის უფლება არ ჰქონდა, ხელი მოაწერა "ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში" გაწევრიანებას და ამით ჯვარი დაუსვა სომხეთის დამოუკიდებლობას", - განაცხადა პარტია "მემკვიდრეობის" ლიდერმა რაფი ოვანესიანმა.

გუშინ მინსკში, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სახელმწიფოთაშორისო საბჭოს სხდომაზე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც სომხეთი "ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში" გაწევრიანდა.