”რუსეთის ეკონომიკა სანქციების შემოღებამდეც ცუდ მდგომარეობაში იყო”

არავის უნდოდა რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება, მაგრამ არსებობს მოვლენები, რაც პასუხის გაცემას მოითხოვს.

ამის შესახებ ვაშინგტონში, პეტერსონის ეკონომიკის ინსტიტუტში სტუმრობისას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა ჯეიკობ ლიუმ განაცხადა. მისი განმარტებით, მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტის უგულებელყოფა მიუღებელია.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის თქმით, სანქციები საგანგებოდ ისე შემუშავდა, რომ რუსეთზე მაქსიმალური ზემოქმედება იქონიოს, ევროპის და ამერიკის ეკონომიკებზე არასასურველი გავლენის რისკი კი მინიმუმამდე იქნას შემცირებული.

"ვფიქრობ, ჩვენ ეს შევძელით. რუსეთის ეკონომიკა სანქციების შემოღებამდეც ცუდ მდგომარეობაში იყო, სანქციების შემდეგ კი საგრძნობლად გაუარესდა. ეკონომიკის სანდო ექსპერტების მიერ რუსეთში ჩატარებული ყველა შეფასება აჩვენებს, რომ ახლანდელი სანქციების ძალაში დარჩენის შემთხვევაში, რუსეთის ეკონომიკას მძიმე მომავალი ელის. ამჟამად ამ სანქციების შედეგების არასასურველ გავრცელებას მიკრომასშტაბით - ცალკეული კომპანიების დონეზე ვხედავთ. მაკრომასშტაბით ეს არც ამერიკის და არც ევროპის ეკონომიკაზე არ ასახულა. რა თქმა უნდა, ევროპის ეკონომიკა რუსეთთან უფრო მჭიდროდაა ინტეგრირებული ვიდრე ამერიკის ეკონომიკა. რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის ზოგადი შემცირება უფრო მეტად იმ ქვეყნებზე აისახება, რომელთა ეკონომიკის დიდ წილს რუსეთში ექსპორტი შეადგენს," – განმარტა მან.

ჯეკ ლიუს კომენტარს "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ავრცელებს.