გუმათის დასახლებაში საშუალო წნევის გაზსადენის მშენებლობა დასრულდა

ქუთაისში, გუმათის დასახლებაში 8159 მეტრის საშუალო წნევის გაზსადენის მშენებლობა დასრულდა, რომელიც 502 აბონენტის ბუნებრივი აირით მომარაგებას უზრუნველყოფს.

მაგისტრალის მშენებლობა 2014 წლის 1 ივნისს დაიწყო და 2014 წლის 30 სექტემბერს დამთავრდა. პროექტის მთლიანმა ღირებულებამ 500 000 ლარი შეადგინა. გუმათში ბუნებრივი აირი არასდროს ყოფილა. დასახლებაში ბუნებრივი აირის საზეიმო აალება მოხდა. ღონისძიებას ,,სოკარ ჯორჯია გაზის" დირექტორი აზერ მამედოვი, იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.

ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველებს მატერიალურ დახმარებას გაუწევს, რათა მათ შეძლონ ბუნებრივი აირის სახლამდე მიყვანა.