რუსული რუბლი ანტირეკორდებს ამყარებს

"თუ ეკონომიკური ვითარება რუსეთში გაუარესდება, უპირველესად სამსახურს დაკარგავენ არა ადგილობრივები, არამედ შრომითი მიგრანტები"

ნავთობის მსოფლიო ფასის 4-წლიან მინიმუმამდე შემცირების გამო რუსული რუბლი ახალ ანტირეკორდებს ამყარებს. გასული კვირის ბოლოს მოსკოვის სავალუტო ბირჟაზე რუბლი კიდევ 10 კაპიკით გაუფასურდა და 1 დოლარის ფასმა 40,25 რუბლი შეადგინა. რუსეთის ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროს მიმართაც და 10 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად 1 ევროს გაცვლითმა კურსმა 51,05 რუბლს მიაღწია. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის ძალისხმევის მიუხედავად, რუბლის გაუფასურება გაგრძელდება და შემდეგი ნიშნული 1 დოლარზე 40,55 რუბლი იქნება.

მსოფლიოს ბირჟებზე ნავთობის ფასის კლებასთან ერთად, რუსული რუბლის გაუფასურებას ქვეყანაში შექმნილი ვითარებაც უწყობს ხელს. სექტემბრის შუა რიცხვებში, როცა ევროკავშირმა და ამერიკამ ახალი სანქციები დაუწესეს რუსეთს, დოლარის კურსმა პირველად 1998 წლის შემდეგ გადალახა 40-რუბლიანი ბარიერი.

რუსეთში ეროვნული ვალუტის კურსის დაცემასთან ერთად, მოსახლეობა აქტიურად ყიდულობს უცხოურ ვალუტას. განსაკუთრებული მოთხოვნაა ამერიკულ დოლარზე, ევროსა და შვეიცარიულ ფრანკზე. დოლარზე მოთხოვნა რუსეთში 2-3-ჯერ არის გაზრდილი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საზღვარგარეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების 73% მოდის 3 ქვეყანაზე - რუსეთზე, საბერძნეთსა და იტალიაზე. 2014 წლის პირველ შვიდ თვეში გზავნილების მოცულობამ შეადგინა 834,3 მლნ დოლარი, საიდანაც 419,8 მლნ დოლარი (ანუ 50,3%) რუსეთიდან გამოგზავნილი ფული იყო. რუსეთიდან დიდი თანხების გადმორიცხვა აჩვენებს, რომ საქართველოდან ემიგრირებული სამუშაო ძალის დიდი ნაწილი ამ ქვეყანაშია დასაქმებული და შესაბამისად, მათი ოჯახები რუსეთიდან შემოსულ ფულად გზავნილებზე არიან დამოკიდებული.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსული რუბლის გაუფასურება უპირველესად რუსეთიდან საქართველოში შემოსულ გზავნილებზე აისახება, ხოლო თუ რუსეთში კრიზისი გაღრმავდა, შრომით მიგრანტებს სამსახურის დაკარგვის საფრთხეც დაემუქრებათ.

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "პირდაპირი კავშირი რუსული რუბლის ვარდნასა და საქართველოს შორის, რა თქმა უნდა, არ არსებობს. ექსპორტიორები შემოსავლის ნაწილს კარგავენ, მაგრამ იმის თქმა, რომ რუბლის ვარდნამ შესაძლოა საქართველოს ეკონომიკაზე დიდი გავლენა იქონიოს, არ შეიძლება. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რამდენად გონივრულად არის დადებული კონტრაქტები და რამდენად სწორად არის გათვალისწინებული დოლარი-რუბლის კურსის ცვალებადობა.

იმ პირებს, რომლებიც რუსეთში მუშაობენ და გასამრჯელოს რუბლებში იღებენ, გაუძვირდებათ დოლარი, რომელსაც ისინი საქართველოში გზავნიან. რადგან გზავნილების ნახევარზე მეტი რუსეთიდან შემოდის, განსაზღვრულ დანაკარგს ამ თვალსაზრისით უნდა ველოდოთ.

როგორი იქნება რუსეთის ეკონომიკა მომავალ წელს, ორ რამეზეა დამოკიდებული - ნავთობის ფასსა და რუსეთის ეკონომიკურ პოლიტიკაზე. რუსეთში ეკონომიკურ ბლოკს პროფესიონალები ხელმძღვანელობენ და სავარაუდოდ, ისინი გამოსავალს გამონახავენ, მაგრამ არსებობს სხვა საშიშროებაც, რომელმაც შესაძლოა ვითარება დაამძიმოს. რუსეთში რამდენიმე დიდი ჯგუფის ინტერესი უპირისპირდება ერთმანეთს. ლიბერალი ეკონომისტებისა და ფინანსისტების ჯგუფი, რომლებიც ბოლო 22 წელია მართავენ რუსეთის მთავრობის ეკონომიკურ ბლოკს, ეწინააღმდეგებიან სამხედრო ჯგუფის ინტერესებს და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის წინააღმდეგ გამოდიან, რაც ჯამში 770 მილიარდი დოლარის დახარჯვას მოითხოვს. ამ ჯგუფებს შორის წინააღმდეგობა იზრდება. რეალურად, რუსეთის უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს არა ევროკავშირისა და ამერიკის დაწესებული სანქციები, არამედ ამ ჯგუფებს შორის არსებული დაძაბულობა".

სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "ჩვენი ღვინო და მინერალური წყლები რუსულ ბაზარზე საკმაოდ ძვირად იყიდება. საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას 1 ლიტრი ქართული ღვინო 4-4,5 დოლარი ღირს, ხოლო რუსულ ბაზარზე 1 ლიტრი ქართული ღვინო დაახლოებით 10-14 დოლარად იყიდება. ფრანგული ღვინოების შემდეგ, რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო ყველაზე ძვირად ღირებულია და მიუხედავად ამისა, საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს. სექტემბერში ჩვენი ღვინის ექსპორტის დაახლოებით 63% მარტო რუსეთის ბაზარზე მოდიოდა, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე გადანაწილდა.

რუსული ვალუტის გაუფასურება რუსეთის მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის მკვეთრ შემცირებას ნიშნავს. ზოგადი ეკონომიკური კანონი და პრინციპია, რომ როცა მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი იკლებს, მათი მოთხოვნებიც მცირდება და უპირველესად ეს შეეხება მაღალი საფასო სეგმენტის პროდუქციას, რომელსაც ქართული ღვინოც მიეკუთვნება. პირობითად, რუსი უარს არ იტყვის საკუთარი წარმოების პურსა და არაყზე, მაგრამ შესაძლოა უარი თქვას ქართული ღვინის შეძენაზე. ერთ წელიწადში დაახლოებით 1/3-ით გაუფასურდა რუსული რუბლი და, ფაქტობრივად, საფრთხე ექმნება ქართული პროდუქციის მოთხოვნას რუსეთის სამომხმარებლო ბაზარზე. არადა, მხოლოდ სექტემბერში თითქმის 13 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა საქართველოდან რუსეთში.

წლების განმავლობაში რუსეთის ეკონომიკაში დასაქმებული ჩვენი შრომითი მიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხა ინიექციის როლს ასრულებდა საქართველოს ეკონომიკისთვის. ფულადი გზავნილების ჯამური მოცულობა ამჟამად ქვეყნის მშპ-ის 13-14%-ს უტოლდება, ხოლო საქართველოს მოსახლეობის ყველა ფულადი შემოსავლის თითქმის 1/3-ს შეადგენს. 2000 წლის შემდეგ რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 8 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, ხოლო 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, 2010 წლამდე, რუსეთიდან ფულადი ტრანზაქციების მოცულობა აღემატებოდა საქართველოში ამ პერიოდში დაბანდებულ ინვესტიციებს ყველა ქვეყნიდან. თუ უფასურდება ვალუტა, მაშინ ამ ვალუტაში აღებული ხელფასის, დივიდენდის, სხვა ფინანსური შემოსავლის ოდენობა დოლარში მცირდება. შესაბამისად, რუსეთიდან გადმორიცხული თანხა შესაძლოა 1/3-ით შემცირდეს.

მეორე ფაქტორი, რამაც ასევე შესაძლოა გავლენა მოახდინოს ჩვენს ქვეყანაზე, წმინდა პოლიტიკურ-ეკონომიკურია. თუ ეკონომიკური ვითარება რუსეთში გაუარესდება, უპირველესად სამსახურს დაკარგავენ არა ადგილობრივები, არამედ შრომითი მიგრანტები და სამუშაოს შოვნის შანსი მათ ყველაზე ნაკლებად ექნებათ".

ემა ტუხიაშვილი

წყარო: გაზეთი ”კვირის პალიტრა”