გერმანიის ფინანსთა მინისტრი: გლობალურ ეკონომიკურ კრიზისზე საუბრის საფუძველი არ არსებობს

არ არსებობს საფუძველი, ვილაპარაკოთ რაიმე სახის გლობალურ ეკონომიკურ კრიზისზე.

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ვოლფგანგ შოიბლემ ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი განმარტებით, რისკების ზრდის მიუხედავად, ეკონომიკის ზრდა, ადრინდელის მსგავსად, ასე თუ ისე დამაკმაყოფილებელია. ამის მიუხედავად, მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებობს კონიუნქტურის შესამჩნევი ვარდნა გერმანიასა და მთლიანად ევროპაში.

მინისტრის აზრით, ეკონომიკური ტემპების ზრდისთვის გამოსავალი კვლავაც ევროზონის რეფორმირებაა. მისივე განცხადებით, ევროპა აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობასთან დაკავშირებით.