გიორგი კვირიკაშვილი : "საპარტნიორო ფონდის" შესაძლებლობები ამოწურული არ არის

მე პირადად მიმაჩნია, რომ "საპარტნიორო ფონდის" შესაძლებლობები არ არის ამოწურული, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს განვითარების ბანკთან დაკავშირებით ბევრი შენიშვნა იქნა გამოთქმული სავალუტო ფონდის მხრიდან, ასევე მსოფლიო ბანკს ჰქონდა გარკვეული შენიშვნები, რომ სერიოზული კვლევა ჩატარდეს.

"ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილი სპეციალური ინსტიტუტის საჭიროება. მე პირადად ვთვლი, რომ "საპარტნიორო ფონდის" შესაძლებლობები არ არის ამოწურული და ამ მიმართულებით შესაძლებელია ამ ორგანიზაციის მანდატის ფუნქციონირების ისეთი კორექტირება, რომ შესაძლებელი იქნება მისი გაცილებით ფართო ჩართულობა იმ მიმართულებებში, სადაც კერძო ბიზნესი აქტიურობს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

განცხადება განვითარების საფინანსო კორპორაციის შექმნაზე რამდენიმე ხნის წინ გაკეთდა. თავდაპირველად საუბარი საქართველოს განვითარების ბანკის დაარსებაზე იყო, თუმცა როგორც მოგვიანებით ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა განაცხადეს, ახალ საფინანსო ინსტიტუტს არა ბანკი, არამედ კორპორაცია ერქმეოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში უკვე შესულია და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გუშინ უნდა განეხილათ, თუმცა მსჯელობა გადაიდო.

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივანი რომან ჩხენკელი, შესაბამისი კვლევების დასრულებამდე, განვითარების ფინანსური კორპორაციის შექმნაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.