გიორგი კვირიკაშვილი: რაც უფრო მეტი გზა იქნება, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის

რაც უფრო მეტი გზა იქნება, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კახეთი-დაღესტნის გზას შეეხებოდა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული გზის უსაფრთხოება პროფესიონალებმა უნდა შეაფასონ.

"ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც უფრო მეტი გზა იქნება, მით უფრო კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. არ ვიცი, თუ არის უსაფრთხოების კუთხით შენიშვნები. ეს ალბათ გასათვალისწინებელი იქნება. ჩვენ განვაახლეთ ვაჭრობა რუსეთთან. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, ვაჭრობისთვის ხელშემწყობი იქნება, რაც უფრო მეტი გზა გვექნება. როდესაც ლარსზე სტიქიით გამოწვეული პრობლემა გვაქვს, მგონი ურიგო არ იქნება ალტერნატივა გვქონდეს, რათა რუსეთ-საქართველოს შორის საქონელმა იმოძრაოს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

რაც შეეხება პოლიტიკურ ჭრილს, კვირიკაშვილი ამბობს, რომ პრობლემები არსებობს და ისინი გადაწყვეტას საჭიროებენ. "ამისთვის, დიალოგი და საუბარია საჭირო", - განაცხადა კვირიკაშვილმა.