მირზა შაფის ქუჩის პროექტზე ღია კონკურსი გამოცხადდება

მირზა შაფის ქუჩის პროექტზე ღია არქიტექტურული კონკურსი გამოცხადდება.

ამასთან დაკავშირებით დღეს მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ნინო ღოღობერიძემ პრესკონფერენცია გამართა. ღოღობერიძის განცხადებით, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, ძველი თბილისის ისტორიულ უბანში - მირზა შაფის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებაზე ღია არქიტექტურული კონკურსი გამოაცხადოს.

"მირზა შაფის ქუჩის განაშენიანებაზე კონკურსი თბილისის მერიასა და ინვესტორს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ცხადდება. საკონკურსო კომისია შეარჩევს სამ პროექტს, რომელთაგან ერთ გამარჯვებულ ნამუშევარს აირჩევს და შეისყიდის ინვესტორი. საკონკურსო კომისიაში, თბილისის მერიის წარმომადგენლების გარდა, მოწვეული იქნებიან ყველა დაინტერესებული და უფლებამოსილი სახელმწიფო სტრუქტურისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რათა თავიდან იქნას აცილებული პროექტის მიმდინარეობის შეფერხება", - აცხადებს ღოღობერიძე.

მისივე თქმით, 2014 წლის 10 ივლისის წერილით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დადებითი შეფასება მისცა არქიტექტურის სამსახურში შემოსული განაცხადით მირზა შაფის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებას. საკითხი შემდგომი განხილვისათვის თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიას წარედგინა. წარდგენილი კორექტირებული განაშენიანების რეგულირების გეგმა კომისიისათვის მიუღებელი აღმოჩნდა და იმისათვის, რომ საკითხს არ მისცემოდა უარყოფითი შეფასება, დამატებითი შესწავლისა და განხილვის მიზნით, კომისიამ საკითხი განუხილველი დატოვა. ამის შემდეგ, თბილისის საკრებულოსა და თბილისის არქიტექტურის სამსახურის ინიციატივით, დაიწყო სამუშაო შეხვედრები ინვესტორთან. თბილისის საკრებულოს, არქიტექტურის სამსახურსა და პროექტის ინვესტორს შორის გაიმართა ორი შეხვედრა პროექტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების შესასწავლად. საბოლოოდ, მხარეები ღია კონკურსის გამოცხადებაზე შეთანხმდნენ.