არასტანდარტულ ვაშლზე სუბსიდია რაჭაშიც გაიცემა

არასტანდარტულ ვაშლზე სუბსიდიის გაცემა, შიდა ქართლის რეგიონის შემდეგ, რაჭაშიც დაიწყო.

ვაშლის ჩაბარების პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, რაჭა-ლეჩხუმისა და ზემო სვანეთის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მარიანა მორგოშია გაეცნენ.

"ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში, 9 ოქტომბრიდან მოსახლეობისგან ვაშლის ჩაბარებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე შპს GEO-FLOWER-ის ხილის გადამამუშავებელი ქარხანა ახორციელებს.

,,ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ხილის გადამამუშავებელი კომპანია GEO-FLOWER, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, წარმოების გაზრდას გეგმავს. სეზონზე ქარხანაში 500 ტონამდე არასტანდარტული ვაშლის მიღებას ვარაუდობენ. მაღალმთიანი რეგიონისთვის, ისეთის როგორიც რაჭაა, ამ ტიპის საწარმოების ფუნქციონირება მნიშვნელოვანია. ეს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ადგილობრივი წარმოების ზრდას და ზოგადად, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

დღეისათვის, რაჭაში შპს GEO-FLOWER-ის ქარხანამ 30 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი მიიღო. აღნიშნული კომპანია მშრალ ხილსაც აწარმოებს. GEO-FLOWER-ი სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში სესხის აღებას და წარმოების გაფართოვებას აპირებს. წარმოებული მშრალი ხილი ექსპორტზე გერმანიაში გადის. ამ ეტაპზე საწარმოში დასაქმებულია 50-მდე ადამიანი.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ჯამში მიღებულია 15 ათას ტონამდე არასტანდარტული ვაშლი. 13 ოქტომბრის მდგომარეობით, სუბსიდიის სახით გაცემულმა თანხამ 1,5 მლნ ლარამდე შეადგინა.