ირაკლი ალასანია: თუ თავდაცვაში სახელმწიფოსგან ინვესტიცია არ ჩაიდო, ეკონომიკური განვითარება ვერ განხორციელდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა თემაზე "ქვეყნის უსაფრთხოების გავლენა ეკონომიკის განვითარებაზე" ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა სარა უილიამსონმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ალასანიამ ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით, ბიზნესსექტორისთვის ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობისა და მხარდაჭერის როლზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, საერთაშორისო მშვიდობის პროცესში საქართველოს წვლილზე, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.

"ვისაუბრეთ, თუ როგორ ვითარდება საქართველოს უსაფრთხოება, რას უნდა ველოდოთ ნატო-საქართველოს სამიტის შემდეგ. ყველას კარგად გვესმის, რომ თუ არ იქნება უსაფრთხოება, ქვეყანა თუ არ იქნება დაცული და ქვეყნის თავდაცვაში თუ არ ჩაიდო სახელმწიფოსგან ინვესტიცია, ეკონომიკური განვითარება და სოციალური კეთილდღეობა ვერ განხორციელდება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ირაკლი ალასანიასთან შეხვედრა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ინიციატივით შედგა. ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს.