გიორგი კვირიკაშვილი: მთავრობამ "საპარტნიორო ფონდის" ცვლილების და რესტრუქტურიზაციის აუცილებლობა ვერ დაინახა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ "საპარტნიორო ფონდი" გამართული ინსტიტუტია, ამ ეტაპზე, მთავრობამ ამ ინსტიტუტის ცვლილებისა და რესტრუქტურიზაციის აუცილებლობა და სხვა სახელით ჩამოყალიბება ვერ დაინახა.

"მე თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ახალი ინსტიტუტის შექმნისადმი და ეს არ არის დასამალი. უბრალოდ, ამაზე ბევრი პოლემიკა გაიმართა, შემდეგ, კიდევ ერთხელ გამოითქვა სავალუტო ფონდის მიერ სერიოზული შენიშვნები და ფაქტიურად, რაიმე სერიოზული განმასხვავებელი არგუმენტი, ახალი ინსტიტუტის შექმნაზე, მე მგონი, რომ ვერ მოიძებნა. არსებობს ყველანაირი რესურსი, რომ იმ მიმართულებებზე, სადაც ეკონომიკური აქტივობა დაბალია და სადაც სახელმწიფო თვლის, რომ ეს არის პრიორიტეტული მიმართულებები, ასე ვთქვათ, წამახალისებელი ინვესტიციები გააკეთოს არსებულმა "საპარტნიორო ფონდმა," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ "საპარტნიორო ფონდის" რესტრუქტურიზაციისა და ახალი ინსტიტუტის, კერძოდ ,,განვითარების ბანკის" სახელით ჩამოყალიბება, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის იდეა იყო.