ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ინტერესი 12-მა კომპანიამ გამოხატა

ანაკლიაში შავი ზღვის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის ვადა დასრულდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადების განმხილველი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები, იუსტიციის, ფინანსთა, ინფრასტრუქტურის სამინისტროებისა და ასევე ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენლები.

კომისის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობასა და ოპერირებაზე ინტერესი გამოხატა 12-მა კომპანიამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, კომისია დაიწყებს კომპანიების მიერ დალუქული კონვერტებით წარმოდგენელი განაცხადების დეტალურ შესწავლას, რის შედეგადაც მოხდება იმ კომპანიების მოკლე სიის, ე.წ. "შორთ-ლისტის" შედგენა, რომლებიც დააკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს. მოკლე სიაში შესულ კომპანიებს გაეგზავნებათ მოთხოვნა წინადადებების წარმოდგენის შესახებ.

"ძალიან სასიხარულოა, რომ 12-მა კომპანიამ წარმოადგინა განაცხადი. ქვეყნების სპექტრი არის ძალიან მრავალფეროვანი, შემიძლია ჩამოვთვალო, რომ აქ არის ბელგია, ინდოეთი, ისრაელი, სინგაპური, აშშ, კვიპროსი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. შემდეგ ეტაპზე მოხდება კომპანიების ე.წ. "მოკლე სიის" დადგენა, რომლებთანაც პირდაპირი მოლაპარაკებებით გავაგრძელებთ კონცეფციაზე და კონტრაქტის დეტალებზე მუშაობას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.