რუსეთი და უკრაინა გაზთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებენ

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, რუსეთი და უკრაინა გაზის საფასურთან დაკავშირებით შეთანხმდა.

"იტარ-ტასის" ინფორმაციით, უკრაინა ზამთრის პერიოდში ათას კუბურ მეტრ გაზზე 385 აშშ დოლარს გადაიხდის. ამასთან, უკრაინა მზადაა საფასური წინასწარ დაფაროს. მინისტრის თქმით, მოლაპარაკებები 21 ოქტომბერს ბრიუსელში კვლავ გაგრძელდება.

გარდა ამისა, უკრაინული სააგენტოები ავრცელებენ უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებას, რომელიც გუშინ მილანში პირისპირ, დახურულ კარს მიღმა შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს. პოროშენკო აცხადებს, რომ გაზის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება არ არის მიღწეული. "ვერ შევძელით პრაქტიკული შედეგებისთვის მიგვეღწია, მაგრამ 21 ოქტომბერს რუსეთ-უკრაინა-ევროკავშირის მოლაპარაკებებზე ვიმედოვნებთ, რომ გაზის საკითხთან დაკავშირებით მოვილაპარაკებთ", - აღნიშნა პოროშენკომ.