პროექტის "მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში" პრეზენტაცია გაიმართა

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ძალიან დიდი დისპროპორციაა ქალაქსა და რეგიონში მაცხოვრებელ მოსახლეობაში, მათი ცხოვრების დონით, რაც დღევანდელი დღის გამოწვევაა.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს სამთავრობო ინიციატივის - "აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტის, "მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში" პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეს პროექტი განკუთვნილია იმისათვის, რომ რეგიონში მაცხოვრებელი მოსახლეობისათვის მოხდეს სპეციალური დაფინანსება და რეგონში განვითარდეს მიკრომეწარმეობა, მცირე საწარმოები. მინისტრის განმარტებით, პროექტი შედგება ორი ფაზისგან, კერძოდ ოთხი კვირის განმავლობაში გაგრძელდება რეგიონების მოსახლეობის სწავლება-ტრენინგი, ასევე მცირე მეწარმეების, ხოლო შემდეგ სპეციალურად შერჩეული კომპანიები მოახდენენ ამ დაფინანსების განაწილებას და მონიტორინგს.

"დღეს უნდა გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რომელიც გვაქვს, ხოლო დღევანდელი გამოწვევა არის ის, რომ გვაქვს ძალიან დიდი დისპროპორცია საქართველოში ქალაქებსა და რეგიონებში მაცხოვრებელ მოსახლეობაში მათი ცხოვრების დონით. ამიტომ დღევანდელი გამოწვევის გამკლავებისთვის აუცილებელია ეს პროგრამა. შემდგომში სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ეფექტიანობა უფრო გაიზრდება და პარალელურად შეიქმნება უფრო დიდი ზომის საწარმოები", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ტურიზმის განვითარებასთან ერთად ტურიზმი მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან სამუშაო ადგილებს, მაგრამ ეს ერთბაშად ვერ მოხდება. აქედან გამომდინარე დღევანდელი გამოწვევების გასამკლავებლად აუცილებელია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ჩართვა მცირე მეწარმეობაში, რასაც სახელმწიფო უკვე აკეთებს. რაც შეეხება პროგრამას, "მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას საქართველოში", პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 20 მლნ ლარს შეადგენს. პროგრამა 26 თვის განმავლობაში განხორციელდება. პროექტი ამოქმედდება პირველი ნოემბრიდან. თანამონაწილეობრივი მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსება – ფინანსური კომპონენტი, დამწყებ მეწარმეზე იქნება მაქსიმალური 5 000 ლარი, ხოლო მეწარმეთა ჯგუფზე - მაქსიმალური 15 000 ლარი.

პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო, რომელმაც ისაუბრა ამ პროექტების შესახებ, ხოლო პროექტის დეტალებზე - ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.