მთავრობა რეგიონების განვითარების სახელმწიფო კომისიას ქმნის

საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კერძო ბიზნესს მაქსიმალურად დავეხმაროთ, განვავითაროთ მცირე და საშუალო ბიზნესი, მსხვილ ბიზნესს კი მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სამთავრობო ინიციატივის "აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტის, "მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში" პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, პროგრამისთვის "აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტის დამატება არის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირება იმისა, რომ მთავრობას სურს, მოსახლეობამ რეალური შვება იგრძნოს და რეგიონები განვითარდეს.

"მე განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებ რეგიონების განვითარებას. უახლოეს დღეებში ჩვენ შევქმნით რეგიონების განვითარების სახელმწიფო კომისიას. ეს იქნება ახალი მიდგომა და ჩვენს ხედვებს რეგიონის განვითარებაზე წარვუდგენთ საზოგადოებას. ჩვენ მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად მთელი რიგი დარგები არის წახალისებული საქართველოში. იგივე ხილის, თხილის, ღვინის, ყურძნის წარმოება. მაგალითად, ხილის ექსპორტი თუ იყო 2012 წელს 71 მილიონი ლარის ღირებულების, წელს უკვე, რვა თვის მონაცემებით, არის 221 მილიონი ლარის ღირებულების ხილი ექსპორტირებული. ღვინოს რაც შეეხება, 73 მილიონი ლარის ღვინო იყო ექსპორტირებული 2012 წელს, წელს ჯამში 229 მილიონი ლარის არის,”-განაცხადა ღარიბაშვილმა.