სემეკი მიჩიგანისა და ოჰაიოს შტატების მარეგულირებელ კომისიებს მასპინძლობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია აშშ-ის მიჩიგანისა და ოჰაიოს შტატების მარეგულირებელი კომისიების წარმომადგენლებს მასპინძლობს.

სემეკის ინფორმაციით, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერითა და აშშ-ს მარეგულირებელ კომისიათა ეროვნული ასოციაციის NARUC–ის ორგანიზებით, "პარტნიორობის პროგრამის" ფარგლებში მეცამეტე სამუშაო შეხვედრა 20-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

მეცამეტე საპარტნიორო შეხვედრის ფარგლებში მხარეები საცალო ბაზრის ლიბერალიზაციის, მიწოდებისა და მოხმარების წესების, ინვესტიციების შეფასებისა და მონიტორინგის, მარეგულირებელი აუდიტის განხორციელების საკითხებს განიხილავენ. აშშ-ს მარეგულირებელი კომისიების დელეგაციას ხელმძღვანელობს მიჩიგანის შტატის კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ჯონ ქუაქენბუში, ხოლო საქართველოს მხრიდან, სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა.

"პარტნიორობის პროგრამის" ფარგლებში მიმდინარე შეხვედრების მიზანია, სემეკსა და აშშ-ს მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებს შორის გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა გამოყენებული პრაქტიკების გაუმჯობესების, სხვადასხვა ქვეყნების კომისიებს შორის მდგრადი ურთიერთობების ჩამოყალიბების უზრუნველყოფის მიზნით. როგორც USAID-ის "შავი ზღვის მარეგულირებელი ინციატივის" წევრი, სემეკი უკვე მონაწილეობს რეგიონალურ საქმიანობაში და დისკუსიებში "მისო" შტატების ორგანიზაციასთან" ("OMS") და რეგიონის სხვა კომისიებთან ელექტროენერგიის რეგიონალური ბაზრის ჩამოყალიბებისა და განვითარების საკითხებზე. აღნიშნული საშუალებას აძლევს ქართველ მარეგულირებლებს არსებული კონცეფციების და პრაქტიკების შესახებ მიღებული ცოდნა "საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის მოდელზე" ("GEMM 2015") მუშაობისას გამოიყენონ. ენერგიის ეფექტიანი რეგიონალური ბაზრების შექმნა მოითხოვს როგორც ჰარმონიზაციას ეროვნულ დონეზე, ასევე რეგიონალურ თანამშრომლობას ტრანს-სასაზღვრო საკითხებზე.