ეკონომიკის სამინისტრო სტუდენტების აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართი სადგურის მშენებლობის საკითხზე, სტუდენტების აქციასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტროსთვის ცნობილი გახდა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა გარკვეული ჯგუფი აპირებს საპროტესტო აქციის გამართვას უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართი სადგურის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით.

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ 2000 კვ.მ. არასასოფლო-დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 01.14.06.006.026) წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთარებას და იგი არ ეკუთვნოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. აღნიშნული ტერიტორია მდებარეობს თსუ-ს კუთვნილი შენობიდან დაახლობით 200 მეტრის დაშორებით. მიწის ნაკვეთი ასევე საკმაო მანძილითაა დაშორებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებიდან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" აღნიშნული ქონება პირობებიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით, 2013 წლის 15 ოქტომბერს 1,02 მილიონ ლარად გაასხვისა 1,5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებით.

აღნიშნული ქონება გასხვისებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. ამჟამად ის წარმოადგენს კერძო საკუთრებას და ჩვენი ინფორმაციით, მფლობელმა კომპანიამ უკვე განახორციელა 1,2 მილიონი ლარის ინვესტიცია. ამასთან, კომპანია "გაზვილი"-ს ხელმძღვანელობას სურვილი ჰქონდა, ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედროდა თსუ-ს რექტორს, თუმცა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ეს შეხვედრა არ შედგა. 10 დღის წინ თსუ-ს სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფს შეხვდა სამინისტროს წარმომადგენელი, შეხვედრაზე სტუდენტებისთვის დეტალურად იქნა განმარტებული აღნიშნული ქონების გასხვისების საკითხი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნულ ქონებას უკვე კერძო, კანონიერი მფლობელი ჰყავს, რომელიც უფლებამოსილია გამართოს ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკებები აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ჩვენი უწყება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განსაკუთრებით ზრუნავს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებაზე. სამინისტრომ მხოლოდ 2014 წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სარგებლობის უფლებით რვა სახელმწიფო ქონება გადასცა", -ნათქვამია განცხადებაში.