ინფრასტრუქტურის სამინისტრო: სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია აქტიურად მიმდინარეობს

სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ორდღიანი ინტენსიური წვიმისა და ადიდებული მდინარეებისგან დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამინდის გაუარესების პირველივე საათებიდან ადგილზე იმყოფებიან მთავრობის წარმომადგენლები - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტები და შესაბამისი ტექნიკა, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლები.

ბოლო ინფორმაციებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჟონეთში წყალი დაშრა, შესაბამისად, გზები და დატბორილი ტერიტორიები იწმინდება. მოძრაობა თავისუფალია. სოფლებში - დღნორისასა და დერჩში დამეწყრილი ადგილების გაწმენდა მიმდინარეობს. სტიქიამ აქ ოთხ ადგილას წარმოშვა მეწყერი. აქედან ორი უკვე გაწმენდილია, იწმინდება დარჩენილი ორი დამეწყრილი ადგილიც.

ბოლო ორი დღის განმავლობაში, შვიდი მეწყრული კერა შეიქმნა ქედას მუნიციპალიტეტში; ორგან ჩამოწვა მეწყერი, ბათუმი-ახალციხის გზაზე და ინტენსიურად მიმდინარეობს მათი გაწმენდითი სამუშოებიც. აქტიურად იწმინდება სოფელ დოლოგანის გზა, სადაც ერთ უბანს გადაადგილების მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა. ქედას მუნიციპალიტეტში დაზიანებულია სხვა შიდა გზებიც.

გზები გაწმენდილია და ელექტროენერგია აღდგენილია ხულოს მუნიციპალიტეტში.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტები ნაპირსამაგრ სამუშაოებს აპროექტებენ წალენჯიხას მუნიციპალიტეტში: მდინარე რიონზე - სოფელ ლიაში, მდინარე მაგანაზე - სოფელ ჯვარში და მდინარე ჭანისწყალზე - ქალაქ წალენჯიხაში. დამეწყრილი ადგილები უკვე გაწმენდილია.